„ჩვენს პარტნიორებს კარგად ესმით 2024 წლის არჩევნების მნიშვნელობა“ - ენმ EU-ის ელჩებს შეხვდა

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, ლევან ხაბეიშვილი და პეტრე ცისკარიშვილი ევროკავშირის წარმომადგენლობაში პაველ ჰერჩინსკის და EU-ს წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ენმ-ის თავმჯდომარემ მედიას განუცხადა, რომ მათ ელჩებს გააცნეს ენმ-ის და კოალიციის სამი პრიორიტეტი:

„წარმოუდგენელია, კონკურენტულ უნარიანად შეფასდეს არჩევნები, როცა მთავარი ოპოზიციონერი, პრეზიდენტ სააკაშვილი არის ციხეში. მეორე, ჩვენ ჩვენს პარტნიორებს მივაწოდეთ სამასამდე იდენტიფიცირებული უბანი, სადაც ივანიშვილის პარტია ახერხებს მანიპულაციებს და იწერს შედეგებს. და მესამე მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ამ რამდენიმე საათის განმავლობაში ვსაუბრობდით, ეს არის საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობები და როგორ უნდა გახდეს საქართველო ეკონომიკურად წარმატებულო ქვეყანა, საიდანაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში კი არ გარბიან ჩვენი მოქალაქეები, არამედ საქართველოში აქვთ ღირსეული შემოსავალი“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისი თქმით, ევროპელ პარტნიორებს კარგად ესმით 2024 წლის არჩევნების მნიშვნელობა და ისინი მზად არიან, დააკვირდნენ არჩევნებს.

„ჩვენი პარტნიორები არიან ისეთი აქტიურები და ისეთი ინტერესით, როგორც არასდროს არ ყოფილა, ახლა იქნება ისეთი დაკვირვება არჩევნებზე, მათ შორის ჩვენი და ჩვენი პარტნიორების მხრიდან, როგორიც არ ყოფილა არასდროს, უპრეცედენტოდ მობილიზებულები ვიქნებით ჩვენც და ჩვენი პარტნიორებიც“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.