საქართველოში ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი აბდულა არიპოვი იმყოფება. ის ცოტა ხნის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია აქვეყნებს.
„მსურს კიდევ ერთხელ დავუდასტურო ჩემს ძვირფას კოლეგას, აბდულა არიპოვს, რომ ძალზე ვაფასებ ჩვენს ქვეყნებს შორის ძმურ და მეგობრულ ურთიერთობებს, რომელიც მუდმივად ვითარდება და უზბეკეთის პრემიერის დღევანდელი ვიზიტიც ამის დადასტურებაა.
მე მქონდა წარმატებული ვიზიტი უზბეკეთში. მახსოვს ჩემი კოლეგის ძალიან გულთბილი დახვედრა და მოხარული ვარ, რომ მისი საპასუხო ვიზიტი შედგა საქართველოში.
მე ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენი მთავრობისა და ჩვენი ხალხის სახელით მივულოცო პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს არჩევნებში გამარჯვება, ვუსრვებ წარმატებებს უზბეკეთს და უზბეკ ხალხს, -” განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა აბდულა არიპოვმა ირაკლი ღარიბაშვილს გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დღევანდელი შეხვედრა ლოგიკურად აგრძელებს ქვეყნებს შორის დიალოგს, რომელიც ერთი წლის წინ დაიწყო უზბეკეთში ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტისას.
ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრებმა პირისპირ შეხვედრაზე ისაუბრეს ვაჭრობის და ეკონომიკის სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, 2021-2022 წლებში ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა, საქართველო უზბეკეთის რესპუბლიკას მნიშვნელოვან პარტნიორად განიხილავს, დაინტერესებულია ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით თანამშრომლობით და მიესალმება უზბეკ ინვესტორებს საქართველოში.
„პირისპირ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრებმა ასევე იმსჯელეს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე, „შუა დერეფნის” განვითარების მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვეს საერთაშორისო ფორმატში აღნიშნული სატრანსპორტო მარშრუტის პოპულარიზაციის მნიშვნელობას, “- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.