საზოგადოებრივ-პოლიტიკური გამოცემა OC Media-ზე დღეს, 29 ოქტომბერს კიბერთავდასხმა განხორციელდა, რის გამოც ვებგვერდი დროებით გაითიშა. ინფორმაციას თავად oc-media.org ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მსგავსი შემთვევა მიმდინარე თვეში მეორედ მოხდა.
როგორც OC Media იუწყება, კიბერთავდამსხმელებმა ვებგვერდზე შეღწევა სცადეს, თუმცა კომპანიის ტექნიკურმა გუნდმა შეტევა მოიგერია. გამოცემის ცნობით, უცნობია, თუ ვინ დგას შეტევის უკან.
ვებგვერდის ინგლისურენოვანი განყოფილების მთავარი რედაქტორი რობინ ფაბრო მომხდარს მთიან ყარაბაღში მიმდიანრე სამხედრო კონფლიქტს უკავშირებს. მისი თქმით, უკმაყოფილება გამოცემის მიუკერძოებელმა მუშაობამ და მხარეების დაბალანსებულად წარმოჩენამ გამოიწვია.
„ამ კონფლიქტის დროსაც და სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე სხვა კონფლიქტების დროსაც ჩვენი მიდგომაა, წინ წამოვწიოთ და ხელი შევუწყოთ ხმებს, რომლებიც დაზარალებულთა ინტერესების გათვალისწინებით ითხოვენ მშვიდობიან გადაწყვეტილებებს. სამწუხაროდ, ცხადი ხდება, რომ ეს პოზიცია ბევრისთვის საკამათოა“.
რუსულ-ინგლისურენოვანი გამოცემა OC-media.org ძირითადად ჩრდილოეთ და სამხერთ კავკასიაში, მათ შორის საქართველოში მიმდინარე ამბებს აშუქებს. გამოცემის ოფისი საქართველოში მდებარეობს.