ჩვენს წარმომადგენლებს მმართველი პარტიის მხარდამჭერები შეხვედრებში ხელს უშლიან - მოძრაობა „შინ ევროპისკენ“

პუბლიკა

მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მათ წარმომადგენლებს მმართველი პარტიის მხარდამჭერები შეხვედრებში ხელს უშლიან

მოძრაობის წევრები, 3 ივლისს თბილისში დაანონსებული აქციის წინ, მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავენ ევროკავშირში საქართველოს წევრობის მნიშვნელობასა და ამ მიზნით რეფორმების იმ 12 პუნქტის შესრულების აუცილებლობაზე, რაც ჩვენს ქვეყანას წევრობის სტატუსის მისაღებად ევროსტრუქტურებმა წლის ბოლომდე განუსაზღვრეს.

„ჩვენ არ გვჯერა, რომ მთავრობა ამ რეკომენდაციებს შეასრულებს, ამიტომ ვითხოვთ, ეს მისია იკისროს „ეროვნული თანხმობის მთავრობამ – ევროკავშირისთვის“.

თელავში, ხონში, ზუგდიდში, ქუთაისში, ბათუმში ასევე თბილისში სტუდენტებთან საინფორმაციო ბუკლეტების დარიგებისას წინასწარ დაანონსებულ შეხვედრებს ხელი შეუშალეს და მათი ჩაშლა სცადეს აგრესიულად განწყობილმა მმართველი პარტიის მხარდამჭერებმა და საჯარო მოხელეებმა.

რიგ შემთხვევებში ეს ადამიანები ორგანიზებულად და ჯგუფურად დაჰყვებიან ჩვენს წარმომადგენლებს შეხვედრებზე და მათ მსვლელობაში დესტრუქციულად ერევიან. შევახსენებთ საზოგადოებას, რომ ეს ქმედებები შეიცავენ დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ, სახეზეა სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლით გათვალისწინებული შეკრების უფლების ხელყოფა“.

მოძრაობა მოუწოდებს სამართალდამცველებს, უზრუნველყონ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და ადგილზევე აღკვეთონ პროვოკაციები.