„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარეს, ხათუნა სამნიძეს და დავით ბერძენიშვილს რუსთაველის გამზირზე 2 პირი დაესხა თავს.
როგორც დავით ბერძენიშვილი და ხათუნა სამნიძე „ფორმულასთან“ ინტერვიუში აცხადებენ, აღნიშნული პირები მათ პოლიტიკური საქმიანობის გამო აგინებდნენ და შემდგომ მათ ხელითაც შეეხნენ.
ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია, ორივე პირი იდენტიფიცირებულია და პოლიციის მანქანაშია მოთავსებული.
„მე არ ვიცი, შემთხვევით გადაგვაწყდნენ თუ აქ დაგვხვდნენ, ყოველ შემთხვევაში, აშკარად მიზანმიმართულად წამოიწყეს ლაპარაკი ჯერ სხვა თემებით, რომ აი, მე დაზარალებული ვარ და გომურს რომ იცავთ, 6 მაისს მეც დავკარგე თვალი, მაგრამ ჩემზე რატომ არ ლაპარაკობთ… გამახსენდა, რომ 2009 წლის 6 მაისზე ლაპარაკობს ბატონი ხომასურიძე, როგორც მითხრა გვარი.
მე დავაპირე მშვიდი საუბარი, მათი ინტერესი არ იყო მშვიდი საუბარი. მერე გვითხრეს, ჩვენ წმინდანს აგინებს შენი ძმა, თქვენც აყევით. მე ვუთხარი, ერეკლე წმინდანი არ იყო, მერე გადავიდა გინებაზე, აქ ვერ გაივლითო, სიტყვიერი შეურაცხყოფა პირდაპირ მიაყენა ხათუნას.
მალე გავარკვიე, ეს ბატონი ხომასურიძე იმ წრის და იმ კამპანიისაა, „და ჩვენ ვიცეკვეთ“ რომ გადიოდა, რომ მივედი და დამხვდნენ, ეს იმათში იყო. ეს არის ორკების წარმომადგენელი და ვნახავთ, როგორ მოიქცევა ხელისუფლება“, – განაცხადა დათო ბერძენიშვილმა.
დათო ბერძენიშვილის განცხადებით, ამ პირებს იმედი აქვთ, რომ „ორკების პატრონები ამ ქვეყანაში“ მიხედავენ მათ.
„მე არავის საციხოდ გამმეტებელი არ ვარ, მაგრამ ღირსების შელახვას არავის ვაპატიებ. ეს ხალხი არ მოქმედებდა მხოლოდ საკუთარი აღშფოთების მიხედვით, ამაში მე ვარ დარწმუნებული“, – თქვა მან.
სამნიძისა და ბერძენიშვილის მხრიდან თავდასხმაში მხილებული ორივე პირი პატრულის მანქანაშია მოთავსებული და ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. დავით ბერძენიშვილის ინფორმაციით, მისი და ხათუნა სამნიძის გამოკითხვა ჯერ არ მომხდარა.
დამატებითი დეტალების გასარკვევად „პუბლიკა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. ინფორმაცია პასუხის მიღებისთანავე განახლდება.