ჩვენთან არ დაფიქსირებულა არც ერთი სერიოზული შემთხვევა პლაქვენილის გვერდითი მოვლენების – ცერცვაძე

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ „დღის კურიერში“ განაცხადა, რომ საქართველომაც შეაჩერა პლაქვენილის გამოყენება დროებით, სანამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და მისი სპეციალური კომისია საბოლოო დასკვნას არ დადებს. მისი თქმით, პლაქვენილს, ჯერჯერობით, რიტონავირი/ლოპინავირი ჩაანაცვლებს.

„ჩვენ ვმონაწილეობთ სოლიდარობის კვლევაში, რომელიც 4 მედიკამენტს მოიცავს და ჯანმომ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით, ამოეღო პლაქვენილი ამ კვლევიდან და ჩვენც მყისიერად, შესაბამისად, ამოვიღეთ ამ კვლევიდან. ჩვენთან, პრაქტიკულად, ყველა პაციენტია ჩართული კვლევაში, კვლევიდან ამოღება შესაბამისად ნიშნავს, რომ პლაქვენილი მეტად აღარ გამოიყენება. ის აღარ დაენიშნება ახლად შემოსულ პაციენტებს. პლაქვენილი იყო ძველ პროტოკოლში. ჩვენ შევცვალეთ ეს პროტოკოლი, გადის დაზუსტებას კლინიკური ჯგუფის წევრებს შორის და უმოკლეს დროში, შეიძლება დღეს ან ხვალ, ის გამოქვეყნდება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ხომ არ დგანან ის პაციენტები საფრთხის წინაშე, რომლებმაც პლაქვენილით უკვე იმკურნალეს, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ საქართველოში ამ მედიკამენტთან დაკავშირებით სერიოზული გვერდითი მოვლენა არ დაფიქსირებულა

„ჩვენთან არ დაფიქსირებულა არც ერთი სერიოზული შემთხვევა გვერდითი მოვლენების. შესაძლოა, ეს იმითაც იყოს გამოწვეული, რომ ეს გვერდითი მოვლენები ეხება გულის რიტმის დარღვევას და ზოგიერთ სხვა დარღვევას. ჩვენ ვიცოდით რა ამ გვერდითი მოვლენის შესახებ, ძალიან სკურპულოზურად ვარჩევდით პაციენტებს და წინასწარ ვუტარებდით ყველა გამოკვლევას, რათა გამოგვერიცხა, რომ ეს პაციენტები მიეკუთვნებოდნენ პოტენციურ რისკჯგუფს“, – აღნიშნა ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძემ კომენტარი კვლევაში მონაწილე სხვა მედიკამენტზე – რემდესივირზეც გააკეთა:

„რემდესივირზეც საკმაოდ ბევრი ნეგატიურ შედეგები იდება, არანაკლები, რაც იდებოდა პლაქვენილზე. მისი ბედი ბოლომდე, ჯერჯერობით, გაურკვეველია. დაიკავებს ლიდერის პოზიციას კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტებში, თუ ეწევა პლაქვენილის ბედი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.