ჩვენთან განსხვავებული აზრისა და ცხოვრების წესის დისკრიმინაცია არ ხდება - პრემიერი

პუბლიკა

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიისთვის პრესკონფერენცია გაიმართა.

ევროკომისარმა აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერს 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრა.

მისი თქმით, ძალადობიდან არაფერი იბადება, ხოლო გამოხატვის თავისუფლება, რომელიც დისკრიმინაციითა და ძალადობით არ იქნება შეზღუდული, უნდა არსებობდეს ქვეყანაში.  ვარჰეის განცხადებით, სურს, რომ ყველამ სცეს პატივი გამოხატვის თავისუფლებას, ევროკავშირს კი სურს, იხილოს, როგორ განვითარდება პროცესები.

ამ თემაზე ირაკლი ღარიბაშვილმაც ისაუბრა. პრემიერის თქმით, არასასიამოვნო, ძალადობის ფაქტები საჯაროდ უკვე დაგმო. მისი თქმით, მსგავსი საქართველოს ინტერესებში არ არის. პრემიერი გუშინწინდელ მოვლენებს მტრულად განწყობილი ქვეყნებისა და „დესტრუქციული ოპოზიციის“ ინტერესებს უკავშირებს.

ღარიბაშვილმა ვარჰეის მიმართა, რომ საქართველოს აქვს ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომლითაც ყველა მოქალაქე დაცულია, თუმცა ასევე უთხრა, რომ კონსტიტუციაში განსაზღვრულია ქორწინების დეფინიციაც.

„რაც შეეხება თქვენ მიერ ნახსენებ არასასიამოვნო ფაქტებსა და ძალადობრივ ფაქტებს, მე, რა თქმა უნდა, საჯაროდ დავგმე ამის თაობაზე, ბატონო კომისარო. რა თქმა უნდა, მიუღებელია სრულიად, კატეგორიულად, ნებისმიერი ფორმით გამოხატული ძალადობა, მით უმეტეს, ძალადობა ჟურნალისტებზე. ეს არის გაუგონარი ფაქტი და ეს, რა თქმა უნდა, არ არის არც მთავრობის ინტერესებში, არც ეკლესიის, არც ჩვენი ხალხის და ქვეყნის. ეს შეიძლება იყოს, სამწუხაროდ, ჩვენდამი მტრულად განწყობილი ქვეყნის ინტერესებში ან ზოგიერთი დესტრუქციული ოპოზიციონერის ინტერესებში, სამწუხაროდ.

რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ფაქტებს გამოვიძიებთ. პოლიციამ დაიწყო უკვე ადამიანების დაკავება, ვინც ჩაიდინეს ძალადობა. გუშინ იყო ანალოგიური ფაქტები, გუშინ 100 ადამიანი დააკავეს ადგილზე და, რა თქმა უნდა, ამ ფაქტებს არ დავტოვებთ გამოუძიებელს.

ჩვენი ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალი გზა შეუქცევადია. ამ გზაზე, რა თქმა უნდა, გარკვეული პროვოკაციული ჯგუფები შეეცდებიან ზიანის მიყენებას ჩვენი ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს არ შეგვაფერხებს, ამ პროვოკაციებს დავძლევთ და მივაღწევთ საერთო, დიდ მიზანს.

ჩვენ ვართ დიდი კულტურისა და ცივილიზაციის ქვეყანა და ერი. ერთ-ერთი უძველესი კულტურისა და ცივილიზაციის ერი. რა თქმა უნდა, ცალკეული ძალადობრივი ფაქტების განზოგადება არაა სწორი, ეს არ ნიშნავს, რომ ეს არის ქართველი ხალხის ხელწერა.

გარკვეული, რამდენიმე პროვოკაციულად მოქმედი ადამიანის მიერ ჩადენილი ძალადობრივი ფაქტები იქნება აღკვეთილი, გამოძიებული, დასჯილი.

ეს ხდება ყველა ქვეყანაში – ევროპაში, ამერიკაში, ყველგან… ასევე რეაგირებს პოლიცია და იცავს კანონის უზენაესობას.

შეგახსენებთ, ჩემი პრემიერობის დროს, 2014 წელს ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი. თუმცა ამავე დროს,  ვინაიდან გავითვალისწინეთ რა ჩვენი საერთო ტრადიციები და კულტურა და ჩვენი მოსახლეობის ინტერესები, ჩვენ მაშინ კონსტიტუციაში მოვახდინეთ დეფინიცია ქორწინების, რაც აბსოლუტურად სხვა საკითხია. მაგრამ დღეს ჩვენ ქვეყანაში არ ხდება დისკრიმინაცია განსხვავებული აზრის, განსხვავებული ცხოვრების წესის ადამიანების. ყველა ადამიანი დაცულია კანონის მიერ, კონსტიტუციის ქვეშ და ეს ასეც იქნება, ამის გარანტიას გაძლევთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.