ჩვენთან მოსახლეობის უკვე 72% იყენებს პირბადეს, უნდა ავიდეთ 95%-ზე - გამყრელიძე

პუბლიკა

დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში პირბადის მოხმარების მაჩვენებელი 45%-დან 72%-მდე გაიზარდა, მიზანი კი 95%-ია.

„გუშინწინ განახლდა ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის (HealthMetrics) მონაცემები. ჩვენ ისევ ვრჩებით 72%-ზე პირბადის ტარების მაჩვენებლით და ეს კარგია იმიტომ, რომ 45%-დან ავედით 72%-ზე. მაგრამ იქ არის პროგნოზი, თუ ავალთ 95%-ზე მაშინ მაისისთვის ჩვენ ყოველდღიურ შემთხვევათა რიცხვს შევამცირებთ და გვექნება ათეულების ფარგლებში“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პირბადის მოხმარების აუცილებლობას და აღნიშნა, რომ ყველაზე ძლიერი პრევენციული საშუალება არის პირბადის სწორად და ყველგან ტარება. მისივე თქმით, ქვეყანაში არსებული ყველა ინდიკატორი მიუთითებს, რომ „ქვეყანა მიდის სტაბილიზაციისკენ“.

„829 ახალი შემთხვევა, რომელიც დღეს გვაქვს, არის მნიშვნელოვანი ჩვენი პატარა ქვეყნისთვის. ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ და განსაკუთრული სიფრთხილით მოვეკიდოთ. ამიტომ არავითარი მოდუნება არ უნდა იყოს არსებულ  რეგულაციებსა და რეკომენდაციებთან მიმართებით“, განაცხადა გამყრელიძემ.


საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსის 829 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 566 და გარდაიცვალა 8 ადამიანი.