დღეს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაიწყება საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების კანონპროექტის განხილვა 1-ლი მოსმენით. კვირას კი პლენარული სხდომაა ჩანიშნული, რომელზეც ცვლილებების მიღებას უყრიან კენჭს.
მამუკა მდინარაძემ დღეს ჟურნალისტებთან ცვლილებების მხარდამჭერი დეპუტატების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, „ქართული ოცნებიდან“ გარანტირებულად ცვლილებებს მხარს 92 დეპუტატი უჭერს.
„ჩვენი საზოგადოება ეთანხმება ჩვენ მიერ დაანონსებულ ცვლილებებს. ჩვენთან უკვე ყველაფერი გარკვეულია – 92 დეპუტატი მხარს უჭერს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს გარანტირებულად. ამიტომ ჩვენ დამატებით ყურადღებას გავამახვილებთ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე, რომელიც ამ ცვლილებებიდანაც უნდა გამომდინარეობდეს, რადგან უკვე შემდეგ კვირაში საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენის მიღების პარალელურად უნდა დავიწყოთ საარჩევნო კოდექსზე მუშაობა და ეს პროექტი პარლამენტში უნდა დაინიცირდეს.
უკვე ჯერი იმ ადამიანებზეა, რომლებმაც ოპოზიციიდან ღიად განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ მამუკა მდინარაძემ ოპოზიციას ცვლილებების მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ენმ-ის და „ევროპული საქართველოს“ გარდა, „ქართულ ოცნებას“ კომუნიკაცია ჰქონდა სხვა დეპუტატებთან და მათი გათვლით ცვლილებებს 117-კაციანი მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს.
კონსტიტუციაში ცვლილებების მისაღებად 113 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.
ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმებით, საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.