საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, გაუგებარია ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოსთვის სამხედრო დახმარების შეჩერებას შეეხება.
„მე არ ვიხმარდი ისეთ, ძალიან მკაცრ შეფასებას, რომელიც ევროკავშირის ელჩმა განაცხადა. ვფიქრობ, რომ ეს არის მიკრო დონეზე მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც ვერანაირად ვერ შეაფერხებს საქართველოს სწრაფვას ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით“,- ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის ძალების დახმარებისთვის განკუთვნილი 30 მილიონი ევრო გაყინა.
ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ EU-მა საქართველოს თავდაცვის სფეროსთვის გამოყოფილი 30 მილიონი ევროს დახმარება გაყინა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„ზოგადად, მსგავსი ტიპის ფინანსური დახმარებები ემსახურებოდა და ემსახურება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და იმ შესაძლებლობების განვითარებას, რომლითაც ქვეყანამ უნდა შეძლოს საფრთხეების თავიდან აცილება. ჩვენთვის გაუგებარია მსგავსი ტიპის მიკრო გადაწყვეტილებები, რადგან ის გამოწვევები უსაფრთხოების თვალსაზრისით, მათ შორის ოკუპაცია არსად არ წასულა. საქართველოს კიდევ უფრო მეტად სჭირდება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება იმისთვის, რომ ჩვენ უფრო მეტად შევძლოთ საფრთხეებთან გამკლავება.
შესაბამისად, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები ძალიან მალე დაუბრუნდება თავის ძველ ნიშნულს და ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირთან ამ მიმართულებით თანამშრომლობას და ვფიქრობ, რომ ზოგადადაც, საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობა დაფუძნებულია ასოცირების შეთანხმებაზე. ჩვენ ყველას გვაქვს აღებული ჩვენი ვალდებულებები, ჩვენ თანმიმდევრულად, ლოგიკურად ვასრულებთ ამ ვალდებულებებს“,- განაცხადა განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.