„ჩვენთვის მიუღებელი პროცესების გამო ვტოვებთ Queer.ge-ის“ | გუნდის განცხადება და დამფუძნებლის პასუხი

პუბლიკა

ონლაინგამოცემა „ქვიარის“ (Queer.ge) გუნდი ავრცელებს განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, დატოვონ გამოცემა.

ონლაინგამოცემის ყოფილი მთავარი რედაქტორი და ჟურნალისტები მიუთითებენ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ორგანიზაციაში განვითარდა გუნდისთვის მოულოდნელი და მიუღებელი პროცესები, რის გამოც მიიღეს ეს გადაწყვეტილება.

განცხადებაში „ქვიარის“ უკვე ყოფილი გუნდი აღნიშნავს, რომ გამოცემა დაახლოებით ორი წლის წინ ამუშავდა და ამ პერიოდის განმავლობაში Queer.ge იყო მედია, რომელიც აჟღერებდა ქვიართემის ხმებს საქართველოდან და სამხრეთ კავკასიიდან, აქვეყნებდა ლგბტქი ადამიანებთან დაკავშირებულ ისტორიებს, ამზადებდა საგანმანათლებლო მასალებს და აშუქებდა ქვიარ სიახლეებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

„სამწუხაროდ, ბოლო თვეების განმავლობაში განვითარდა გუნდისთვის მოულოდნელი და მიუღებელი პროცესები. „ქვიარის“ არსებობიდან დღემდე ყველა ჩვენგანმა იცოდა, რომ მედიას ჰყავს ორი დამფუძნებელი — ნინო ბოლქვაძე და თამაზ სოზაშვილი. ასე იცოდნენ ჩვენმა პარტნიორებმა, მხარდამჭერებმა და მეგობრებმაც. ეს ინფორმაცია იძებნება „ქვიარის“ ვებგვერდზე და არამარტო. თუმცა, მოულოდნელად, ჩვენთან ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე, ნინო ბოლქვაძემ ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა თამაზ სოზაშვილს.

„ქვიარის“ გუნდმა სცადა ყველა რესურსის გამოყენება, რათა მედია, რომელიც ჩვენთვის სამსახურზე ბევრად მეტია, გადაგვერჩინა და არ დაგვეყენებინა რისკის წინაშე. სამწუხაროდ, იმის გამო, რომ ყველა სამართლებრივი ბერკეტი ერთი ადამიანის ხელშია და მას არ აღმოაჩნდა თანამშრომლობის მზაობა, ჩვენი მხრიდან ფასილიტაციისა თუ მოლაპარაკებების მცდელობებს შედეგი არ მოჰყოლია“, – ნათქვამია გუნდის განცხადებაში.

„ქვიარის“ უკვე ყოფილი გუნდის წევრები აღნიშნავენ, რომ პატივს სცემენ ორივე დამფუძნებლის შრომასა და წვლილს „ქვიარის“ შექმნასა და ფუნქციონირებაში, მაგრამ მათთვის მიუღებელია თამაზ სოზაშვილის „ქვიარიდან“ ჩამოშორება და იმ ბერკეტის გამოყენება, რომ ის ოფიციალურად არ ფიქსირდება, როგორც თანადამფუძნებელი.

„პრინციპულად მნიშვნელოვან საკითხებზე განსხვავებული მოსაზრებისა და სამომავლოდ ერთპიროვნული გადაწყვეტილებების თავიდან აცილების ბერკეტის არარსებობის გამო, მივიღეთ ჩვენთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება — ვტოვებთ გამოცემას, რომლისაც ასე გვჯეროდა და რომლის განვითარებისთვის არც დრო და არც ენერგია არ დაგვიზოგავს.

ყველა ჩვენგანმა გადაწყვეტილება მიიღო ინდივიდუალურად, თუმცა „ქვიარის“ გუნდი ერთიანია, ვრჩებით ჩვენი და „ქვიარის“ პრინციპების ერთგულნი, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას ჩვენი მკითხველის, მხარდამჭერების, პარტნიორებისა თუ მეგობრების მიმართ და ვაპირებთ, დავაფუძნოთ ახალი მედია, სადაც გავაგრძელებთ „ქვიარების“ ხმების გაჟღერებას, ბრძოლას თანასწორობისთვის”, – ნათქვამია ჟურნალისტების განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ „ქვიარის“ ყოფილი თანამშრომლები ხატია ღოღობერიძე, გიორგი ბასხაჯაური, ნანა გობეჯიშვილი, შოთა ფუტკარაძე, მარიამ გაბელაია.

„პუბლიკა“ დაუკავშირდა „ქვიარის“ დამფუძნებელს ნინო ბოლქვაძეს. ის მხოლოდ იმას, ამბობს, რომ მიესალმება ახალ ინიციატივას და რაც მეტი გუნდი იმუშავებს ქვიარების კეთილდღეობისთვის მით უკეთესია.

„დავაზუსტებ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თამაზ სოზაშვილი იყო ორგანიზაცია „თანასწორობა 17 – ის“ პროექტის ონლაინმედია „ქვიარის“ თანამშრომელი, ისევე როგორც ხატია ღოღობერიძე და სხვა თანამშრომლები. გამოცემის იდეა და ბრენდი მათ ინიციატივასა და საკუთრებას არ წარმოადგენს. „ქვიარი“ აგრძელებს მუშაობას, ხოლო „თანასწორობა 17“ საჭიროების შემთხვევაში დაიცავს საკუთარ უფლებებს“, – ამბობს „პუბლიკასთან“ ნინო ბოლქვაძე.