ჩვენთვის რადიკალიზმის ნორმად წარმოჩენა მიუღებელია - კობახიძე კონფერენციაზე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის „დიდება უკრაინის“ შესახებ განაცხადა, რომ მისი ორგანიზატორები აფილირებულნი არიან „რადიკალურ ოპოზიციასთან“.  ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.

„ამ კონფერენციის ორგანიზატორები არიან პირდაპირ პოლიტიკურად აფილირებული იმ პოლიტიკურ ჯგუფებთან, რომელთაც ჩვენ რადიკალურ ოპოზიციას ვუწოდებთ და რომელიც რეალურად არის რადიკალური ოპოზიცია.

რა თქმა უნდა, მათ მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მონაწილეობა ჩვენთვის მისაღები არ არის. ის, რომ პოლიტიკური მიკერძოება არსებობს, ეს თვალსაჩინოა, თუნდაც შემადგენლობიდან. თუ დააკვირდებით, ვის იწვევენ, თუნდაც ევროპარლამენტიდან, თუნდაც ქართული პოლიტიკური ძალის რომელ ლობისტებს… ძალიან კარგი განცხადება გააკეთა შალვა პაპუაშვილმა რადიკალიზმთან დაკავშირებით. ანუ, იქ ხდება რადიკალური პოლიტიკური ძალების მიწვევა და არა მარტო პოლიტიკური ძალების, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების თუ მსგავსი ტიპის სუბიექტების, რომლებიც პირდაპირ არიან რადიკალურ დღის წესრიგში ჩართულნი.

ჩვენი მხრიდან რადიკალიზმის ნორმად წარმოჩენა და მასში მონაწილეობა აბსოლუტურად მიუღებელია“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, კონფერენციის მოსაწვევი პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილისა და მისი მოადგილის არჩილ თალაკვაძის სახელზე იყო. როგორც ცნობილია, გუშინ არც ერთი არ დასწრებია კონფერენცია. შალვა პაპუაშილმა განაცხადა, რომ არც დღეს აპირებს, დაესწროს მიმდინარე კონფერენციას.

ირაკლი კობახიძემ გუშინ ასევე თქვა, რომ კონფერენციაში მიწვეული სტუმრები მაგალითად, იან კელი, დევიდ კრამერი, ევროპარლამენტარები და ა.შ. „ნაციონალური მოძრაობის ლობისტები არიან“.


2022 წლის 5-6 სექტემბერს, მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი უმასპინძლებენ თბილისის მე-6 საერთაშორისო კონფერენციას „დიდება უკრაინას!“. კონფერენცია ორი დღის განმავლობაში სასტუმრო „თბილისი რუმსში“ გაიმართება.

თბილისის საერთაშორისო კონფერენციამ საქართველოს, ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერთა თავშეყრის ადგილის სახელი დაიმკვიდრა. ყოველი წლის სექტემბერში კონფერენცია თავს უყრის  უსაფრთხოების რეგიონულ ექსპერტებს, ქართველ პოლიტიკოსებს, სამოქალაქო აქტივისტებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს. კონფერენცია მიზნად ისახავს საქართველოს მსოფლიო და ტრანსატლანტიკურ დღის წესრიგში პრიორიტეტული ადგილის შენარჩუნებას, დემოკრატიული პროგრესისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების ხელშეწყობას.

კონფერენციაზე იმსჯელებენ უკრაინის ომის შედეგად შექმნილ ახალ პოლიტიკურ და უსაფრთხოების რეალობაზე, თანამედროვე დემოკრატიის წინაშე მდგარ საფრთხეებზე, ევროპული უსაფრთხოების მომავალსა და ა.შ.