„ჩვენთვის სიურპრიზი იყო საქართველოს მთავრობის განცხადება 75 მილიონ ევროსთან დაკავშირებით“ - დეგნანი

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით,   სიურპრიზი იყო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, უარი ეთქვა ევროკავშირისგან 75 მილიონი ევროს დახმარებაზე. მისი თქმით, კონგრესი გამოეხმაურება ამ გადაწყვეტილებას.

„ჩვენთვის ცოტა სიურპრიზი იყო საქართველოს მთავრობის განცხადება 75 მილიონ ევროსთანა დაკავშირებით. განსაკუთრებით საინტერესოა ეს გადაწყვეტილება, მიუხედავად პანდემიისა, უმუშევრობისა და იმ ვითარებისა, რაც საქართველოშია. ამას გარკვეულწილად გამოეხმაურება ვაშინგტონიც. მაგრამ ამავდროულად გასათვალისწინებელია ის, რომ რეფორმები, რომელიც მართლა უნდა განხორციელებულიყო და ამაზე დიდი მუშაობა მიმდინარეობდა გასულ წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის,  მნიშვნელოვანი უნდა გაგრძელდეს, არ უნდა შეჩერდეს – ეს მართლაც რთული და მნიშვნელოვანი რეფორმებია. ამ შემთხვევაში კონგრესი უყურებს, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესები, ჩვენ საკმაოდ ახლო კოორდინაციაში ვართ საქართველოს მთავრობასთან და ვიცით, რა სჭირდება საქართველოს. 75 მილიონი ევრო ცოტა არ არის“, – განაცხადა კელი დეგნანმა.


31 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირისგან 75 მილიონი ევროს ტრანშს აღარ მიიღებს.

პოზიცია თავდაპირველად პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა, დღეს კი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლება თანხის მიღებაზე თავს შეიკავებს. ღარიბაშვილის თქმით, ევროკავშირისგან მისაღები თანხა სესხია.