პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მორიგი ბრიფინგი გამართა იმაზე, თუ როგორ არ სურს „რადიკალურ ოპოზიციას“, საქართველომ მიიღოს EU-ში კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.
„მათი მიზანი და გათვლა მარტივია: ივნისის ბოლოს საქართველომ, მათი გათვლით უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, არ უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რასაც, მათი გეგმის მიხედვით, მოჰყვება საზოგადოების მღელვარება, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტების მიერ ხელისუფლების გადატრიალება და საქართველოს ომში ჩართვა”, – ამბობს ირაკლი კობახიძე.
მისივე თქმით, ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატობაზე უარის თქმის არავითარი მიზეზი არა აქვს, მით უმეტეს, იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატის სტატუსს უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭებს.
„გარდა ამისა, კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, ევროკავშირს საქართველოზე არ ეხარჯება არც ერთი ევროთი მეტი. როგორც მოგეხსენებათ, კანდიდატის სტატუსი ევროკავშირს საქართველოსთვის არავითარი დამატებითი დაფინანსების გამოყოფის ვალდებულებას არ აკისრებს.
ასევე, ევროკავშირი არ იღებს არავითარ ვალდებულებას, კანდიდატი ქვეყანა ევროკავშირში სტატუსის მინიჭებიდან რაიმე კონკრეტულ ვადაში გააწევროს.
ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, ბუნებრივია, მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი იქნება ორი თვალსაზრისით: პირველი, ამით ევროკავშირი გამოხატავს სოლიდარობას სამი ქვეყნის მიმართ, რომელთა ტერიტორიები რუსული ოკუპაციის ქვეშაა და მეორე, კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, ევროკავშირი აცხადებს, რომ არ ეშინია რუსული რეაქციის და პრინციპულ პოზიციას ავლენს სამი ქვეყნის მხარდაჭერის საკითხში.
რისთვის შეიძლება უღირდეს ევროკავშირს ამის საპირისპირო გზავნილის გაჟღერება, სრულიად გაუგებარია. ეს არის კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რატომაც ევროკავშირის უარი კანდიდატის სტატუსზე სრულიად ალოგიკური იქნებოდა. ევროკავშირის მხრიდან ეს იქნებოდა ზუსტად ისეთივე ალოგიკური გადაწყვეტილება, როგორიც უკრაინის ხელისუფლების მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევა იყო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, „ომის პარტია“ და მისი უცხოელი ლობისტები, იმედს არ კარგავენ და აქტიურად იბრძვიან იმისათვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს.
„საქართველო არის სახელმწიფო და მას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არც არეულობას და არც ომს არ დაუშვებს”, – განაცხადა კობახიძემ.