„9 წელი არყევდა ქვეყანას და ახლა კიდევ ბოლო 9 წელი. 18 წელია არყევს ქვეყანას, ეს კაცი არის მუდმივად დესტაბილიზაციის წყარო… რომ იტყვიან, ეშმაკი არ ასვენებს ამ ადამიანს და იქნებ, ციხეში 6 წელი მაინც დაისვენოს”, – ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკშვილთან დაკავშირებით „იმედის” ეთერში განაცხადა. მან ასევე უპასუხა შეკითხვას, არის თუ არა ტვირთი ხელისუფლებისთვის მიხეილ სააკაშვილი ქართულ ციხეში.
„ჩვენთვის ტვირთი და გამოწვევა იყო მიხეილ სააკაშვილი Youtube-არხებზე და ჩართვებით, ტელევიზიებით და ტელეხიდებით, რასაც ის აკეთებდა თავის ტელევიზიებში. რატომ? ერთი რომ, უკრაინასთან გვიფუჭებდა ურთიერთობას, და მეორე, მართლაც, ყველა დაიღალა, დაიღალა მთელი ქვეყნის მოსახლეობა – სააკაშვილი ან დაგვეჭირა, ან წასულიყო პოლიტიკიდან, ეს კაცი პოლიტიკიდან არ მიდის, ბოდიშს არ იხდის, არ ითხოვს შეწყალებას, ამიტომ მადლობა მიშას, რომ ჩამოვიდა თავისი ფეხით და თავისი ნებით საქართველოში.
არავითარი ტვირთი არ არის, მე ვფიქრობ, რომ იდეალურად დაჯდა ყველაფერი და დავსვით. ვინაიდან „ნაცმოძრაობა” ამის შემდეგ როგორ უნდა განვითარდეს მე ვერ წარმომიდგენია, ერთადერთი ბოლო იმედი იყო სააკაშვილი, მათ ყველაფერი ჩადეს ამ არჩევნებისთვის, ჩამოვიდა და პირდაპირ ციხეში შევიდა, ისე, რომ ვერაფერი ვერ გააკეთა.
აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ძალიან კომფორტულად იქნება, მაქსიმალურ კომფორტს შევუქმნით მას ციხეში”, – განაცხადა პრემიერმა.
1 ოქტომბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დააკავეს. დაიწყო გამოძიება მის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებითაც. სახალხო დამცველის ცნობით, სააკაშვილი შიმშილობას აცხადებს და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.
სააკაშვილი მსჯავრდებულია ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი – 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.