„ჩვეულებრივი სარდაფია" - ინვესტორი ასათიანის N22-ში თაღოვან სარდაფზე

ქრისტინე მუჯირი

ასათიანის #22-ში კომპანია შპს „ოლდ სითი გრუპმა“ თბილისის არქიტექტურის სამსახურს შენობის დემონტაჟის მოთხოვნით მიმართა. „ოლდ სითი გრუპი“ ასათიანის #22-ში 5-სართულიან სასტუმროს აშენებს.

შენობას ძეგლის სტატუსი არ ჰქონდა. ორგანიზაცია „ICOMOS საქართველომ” facebook-ზე გაავრცელა ფოტოები, სადაც მათი წარმომადგენლები წერენ, რომ შენობას, რომლის დემონტაჟიც მოხდა აქვს ძველი ფენა, რომელიც უნდა შენარჩუნდეს.

სახელოვნებათმცოდნეო დასკვნაშიც აღნიშნულია, რომ „აუცილებელია შესანარჩუნებელი იყოს ღრმა კამაროვანი სარდაფები“.

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა დემონტაჟზე ნებართვა 2019 წლის ივლისში გასცა და მიუთითა, რომ დემონტაჟისას მესაკუთრემ უნდა შეინარჩუნოს შენობის თაღოვანი სარდაფი.

„პუბლიკა“ ესაუბრა „ICOMOS საქართველოს” დირექტორს, არქიტექტორ-რესტავრატორ ლია ბოკუჩავას.

ლია ბოკუჩავა გვეუბნება, რომ, მას შემდეგ რაც შენობის დემონტაჟისას შეამჩნიეს ძველი ფენა, მათ მესაკუთრეს შესთავაზეს, რომ ICOMOS საქართველოს სპეციალისტები თავად დაეხმარებოდნენ მათ და გაუხსნიდნენ ფასეულ ნაწილს ისე, რომ შემდგომში შესაძლებელი ყოფილიყო მისი შენარჩუნება.

მისი თქმით, მას შემდეგ კომპანიიდან აღარავინ შეხმიანებია.  ლია ბოკუჩავას თქმით, ობიექტის დაცვისთვის კარგი მექანიზმი იქნებოდა ის, რომ ძეგლის სტატუსი შენობას თავიდანვე ჰქონოდა.

„ძეგლის სტატუსი არ აქვს, მაგრამ ნამდვილად ფასეულია. ნებისმიერმა ხელოვნებათმცოდნემ რომ ნახოს, ამას დაადასტურებს. უსტატუსობის გამო, რთულია მისი დაცვა“, – ამბობს ლია ბოკუჩავა.

მისი თქმით, კარგია, რომ არქიტექტურის სამსახურმა განმცხადებელს ნებართვის გაცემისას პირობად სარდაფის ნაწილის შენარჩუნება ჩაუწერა. ბოკუჩავა „პუბლიკასთან“ აცხადებს, რომ მისი დაკვირვებით,  თაღის ნაწილი უკვე მონგრეულია.

თბილისის მუნიციპალური სამსახურიდან გვაცნობეს, რომ სამსახურის წარმომადგენლები უკვე იყვნენ ადგილზე და საკითხის შესწავლამდე  სადემონტაჟო სამუშაოები შეაჩერეს.

„პუბლიკა“ დაუკავშირდა კომპანიის დირექტორს, გიორგი თავდიშვილს. მან ჩვენთან განაცხადა, რომ  ეს შენობა სრულად ავარიული იყო.

„არავითარი ისტორიული ძეგლი და არქეოლოგიური შრე იქ არ არსებობდა. აღმოჩნდა , რომ იქ ჩვეულებრივი სარდაფია, რომელსაც მოსახლეობა საჭიროების მიხედვით მოიხმარდა. კულტურული მემკვიდრეობის საბჭომ გასცა რეკომენდაცია, რომ თუ შესაძლებელი იქნებოდა, სარდაფი შენარჩუნებულიყო. ეს არ იყო იმპერატიულად ნათქვამი, რომ სავალდებულო იყო მისი შენარჩუნება“.

მისი თქმით, შეუძლებელი იყო დემონტაჟი იმ ფორმით, რომ იქ კედლებსა და ჭერს არაფერი დამართნოდათ.

 

გიორგი თავდიშვილის თქმით, კომპანიისთვისაც მნიშვნელოვანი იქნებოდა, თუ ადგილზე რამე ღირებული აღმოჩნდებოდა. მან ასევე თქვა, რომ სამუშაოები ამჟამად შეჩერებულია და კომპანია აღადგენს მსგავს სარდაფს.