ჭვრინისელი კაცი, რომლის გატაცებაც საოკუპაციო ძალებმა სცადეს, კლინიკაშია გადაყვანილი

პუბლიკა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვრინისის მკვიდრი, რომლის გატაცებაც გუშინ საოკუპაციო ძალებმა სცადეს, სხეულის დაზიანებებით კლინიკაში გადაყვანილი. როგორც ჟურნალისტებთან დაშავებულის მეუღლე ამბობს, მას ოკუპანტებმა კონდახი ჩაარტყეს.

„როდესაც საქონელს ვაძოვებდით ორი რუსი ოკუპანტი დაგვესხა თავს და მცდელობა ჰქონდათ ჩვენი გატაცების, მაგრამ ჩვენ დავძლიეთ, გამოვიქცეთი, საკმაოდ დიდი მანძილი ვირბინეთ, ამის შემდეგ ჩემი მეუღლე დაიჭირეს, წააქციეს და ცდილობდნენ ხელები გაეკოჭათ, ფეხებთანაც ორჯერ დაგვახალეს. ვყვიროდი, რომ ეშველათ მეზობლებს, ვინმეს ხმა გაეგონა. ამასობაში მართლაც გაიგონა ხალხმა ხმა და გამოვიდნენ, მაგრამ ახლოს ვერავინ ვერ მოვიდა, ვერვინ ვერ მოგვეშველა, შემდეგ პოლიციაც მოვიდა და ჩვენი პოლიციის დანახვაზე ისინი გაიქცნენ. ჩემს მეუღლეს კონდახი აქვს ჩარტყმული, წარბი აქვს გახეთქილი, თავი აწუხებს საშინლად და ცუდად არის“, – ამბობს დაშავებულის მეუღლე ჟურნალისტებთან.

სოფელ ჭვრინისის მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქის უკანონოდ დაკავების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 21 აპრილს გაავრცელა.

„პოლიციის თანამშრომლების დაუყოვნებლივ გამოჩენისთანავე რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა სწრაფად დატოვეს ტერიტორია.

ამჟამად მოქალაქეები ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან და მათ საფრთხე არ ემუქრება“, – აცხადებდა სუსი.

უწყების ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი. ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

„ცენტრალური ხელისუფლება, მკაცრად დააყენებს აღნიშნულ საკითხს მიმდინარე წლის 27 აპრილს, ერგნეთში დაგეგმილ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მორიგ შეხვედრაზე.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. მსგავსი უკანონო ქმედებები უკiდურესად აზიანებს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მყიფე გარემოს“, – აცხადებს უწყება.