ციხეებში კრიმინალური სუბკულტურა და არაფორმალური მმართველობის პრაქტიკა გამოიკვეთა – ომბუდსმენი

პუბლიკა

10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც მიმოხილულია საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მხრივ  არსებული მდგომარეობა. 

განცხადებაში საუბარია პენიტენციურ დაწესებულებებში სახალხო დამცველის პრევენციული ჯგუფის წევრების მიერ წარმოებული მონიტორინგის შედეგებზე.

„2019 წელს სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, განსაკუთრებით გამოიკვეთა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული კრიმინალური სუბკულტურა და არაფორმალური მმართველობის ფორმების მანკიერი პრაქტიკა. მონიტორინგის პროცესში, თავისუფლებაშეზღუდულ პირებთან და დაწესებულებების თანამშრომლებთან კომუნიკაციის შედეგად დგინდება არაფორმალური მმართველობის სისტემური ხასიათი, რაც კონკრეტული პატიმრების პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებასა და  დავის გადაწყვეტის არაფორმალური გზების არსებობას ადასტურებს. არაფორმალური მმართველობის და პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებული ცალკეული პირებისთვის პრივილეგირებული მდგომარეობის პრობლემებზე და მისი მოგვარების საჭიროებაზე, აგრეთვე მიუთითებს ევროპის საბჭოს წამების პრევენციის ევროპული კომიტეტიც (CPT)“, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.