ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა ახალგორის რაიონის მცხოვრებთა ნაწილისთვის ე.წ. გამშვები პუნქტი გახსნეს.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის თქმით, საუბარია, ძირითადად, პენსიონერებზე, რომლებსაც წეროვანში იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში ნათესავები ჰყავთ.
როგორც ციხელაშვილი ამბობს, მიაჩნია, რომ ახალგორის რაიონში მიმოსვლა ყველასთვის თავისუფალი უნდა იყოს, მაგრამ ამ ეტაპზე გზის გახსნა თუნდაც ოკუპირებული რაიონის მცხოვრებთა ერთი ნაწილისთვისაც კი ადგილობრივებისთვის დიდი შეღავათია.
„ისინი უკვე ხუთი თვეა, მავთულხლართებს მიღმა არიან ჩაკეტილები და, ფაქტობრივად, ტყვეობაში იმყოფებიან, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინტერესებს უქმნის საფრთხეს“, – განაცხადა ციხელაშვილმა.
სახელმწიფო მინისტრი მიიჩნევს, რომ ჩორჩანა-წნელისის არეალში ქართული საგუშაგოს მშენებლობა ახალგორის რაიონში მიმოსვლაზე არ უნდა აისახებოდეს და ის საკითხი მხარეებმა დამოუკიდებლად უნდა გადაჭრან.
„აუცილებელია იმ გამოწვევების დაძლევა, რასაც ადგილი აქვს, მაგალითად, წნელისი-ჩორჩანას მიდამოში. ის არის უსაფრთხოებასა და ასევე ჰუმანიტარულ გამოწვევებთან დაკავშირებული საკითხი, მაგრამ ჩორჩანას საკითხის ჩაბმა ახალგორთან სრულიად დაუშვებელია“, – თქვა ციხელაშვილმა.
ახალგორის რაიონის ე.წ. გამშვები პუნქტი, ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერის ანატოლი ბიბილოვის გადაწყვეტილებით, 2019 წლის სექტემბრიდან ჩაიკეტა და ეს გადაწყვეტილება სოფელ წნელისთან ქართული საგუშაგოს მშენებლობას დაუკავშირდა.
ოკუპირებულ ახალგორში მიმოსვლის განახლებას ქართული მხარე ევროკავშირის წარმომადგენლებსა და სხვა პარტნიორებთან ერთად რამდენიმე თვეა მოითხოვს, რადგან საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ მიმოსვლის აკრძალვამ ოკუპირებული ახალგორის მცხოვრებლებს ჰუმანიტარული კრიზისი შეუქმნა.