შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ დაუშვებლია ამ საკითხის პოლიტიზება და ამით მანიპულირება, მათ შორის, თავად ოჯახის ნების, საღი აზრისა და ელემენტარული ადამიანური პრინციპების საპირისპიროდ.
„კიდევ ერთხელ, სოლიდარობა ბატონ ვაჟას, სოლიდარობა მის ოჯახს!!
მთელი ცივილზებული მსოფლიო ფაქტობრივად, საერთაშორისო თანამეგობრობა მათი და ყველა ჩვენგანის თანაზიარია იმ მოთხოვნასა და უპრეცედენტო ძალისხმევაში, რაც მის გათავსიფილებას უკავშირდება.
საოკუპაციო რეჟიმი მისი უკანონო ტყვეობით და გათავისუფლების გაჭიანურებით საკუთარ სახეს მთელი სისრულით აჩვენებს! ამით კი მის და ყველა ჩვენგანის გამძლეობას ცდის, ისევე როგორც ყველა იმ უკანონო ზომით რითაც ასობით ადამიანს ყოველდღიურ პრობლემას უქმნის, როგორც დღეს ფაქტობრივად დატყვევებულ მთელს ახალგორის რაიონს
არავინ აპირებს ოკუპაციასთან შეგუებას. არც ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონი ტყვეობასთან. დღეს ვალდებული ვართ მისი გათავისუფილების ინტერესით ვიხელმძღვანელოთ. ახლა ეს არის უპირატესი ამოცანა.
დაუშვებლია ამ საკითხის პოლიტიზება და ამით მანიპულირება, მათ შორის, თავად ოჯახის ნების და საერთოდ, საღი აზრის და ელემენტარული ადამიანური პრინციპების საპირისპიროდ. ამ პრინციპს და ოჯახის ამ სამართლიან სურვილს პატივი უნდა ვცეთ რა თქმა უნდა. მისი გათავისიფლებისთვის მაქსიმალური ძალისხმევა არც ერთი წუთით არ მოდუნდება, ვიდრე ის არ დაუბრუნდება ოჯახს“, – აცხადებს ციხელაშვილი.
დღეს საოკუპაციო ხაზთან ვაჟა გაფრინდაშვილი მხარდამჭერი აქცია გაიმართა. 13 დეკემბერს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში დატოვა.
ვაჟა გაფრინდაშვილმა ცხინვალის ციხეში უკვე თვეზე მეტი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებას და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს ექიმის გათავისუფლებისკენ საერთაშორისო საზოგადოებამ არაერთხელ მოუწოდა.
ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება იყო მთავარი საკითხი, რომელიც 10-11 დეკემბერს, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისას განიხილეს. საქართველოსთან ერთად ეს ევროკავშირის, გაეროს, ეუთოსა და აშშ-ის წარმომადგენლებმაც მოითხოვეს.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცნობილი ექიმი-ტრავმატოლოგი 9 ნოემბერს ახალგორის რაიონში დააკავეს.
ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ექიმს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.