ციხიდან მელაშვილის მიერ ჩემს თვალწინ გაკეთებული წერილობითი კომენტარის გამოტანის უფლება არ მომცეს - ადვოკატი

პუბლიკა

ივერი მელაშვილის ადვოკატი, ორგანიზაცია „დემოკარტიული ინიციატივის“ წარმომადგენელი ედუარდ მარიკაშვილი წერს, რომ მას უკვე რამდენჯერმე არ მისცეს საშუალება, ივერი მელაშვილის წერილობით არგუმენტები ციხიდან გამოეტანა.

ადვოკატის თქმით, დღეს უკვე გლდანის N8 დაწესებულებიდან, სადაც ივერი მელაშვილი „მატროსოვის ციხიდან“ გადაიყვანეს, მელაშვილის მიერ მის თვალწინვე გაკეთებული წერილობითი კომენტარი ვერ გამოიტანა.

„ახლა უკვე გლდანის N8 დაწესებულების ადმინისტრაციამ საქმის მასალებში არსებულ რუკის ასლებზე, სადავო მონაკვეთებთან დაკავშირებით, ივერი მელაშვილის მიერ, ჩემს თვალწინ გაკეთებული წერილობითი კომენტარების გამოტანის უფლება არ მომცა. დოკუმენტზე, არაფერი ეწერა გარდა საქმეზე ბრალდებულის არგუმენტებისა და მისი ადრესატი ვიყავი მხოლოდ მე, მისი ადვოკატი.

მიზანი არის ერთადერთი. პრობლემა გზავნილის შინაარსი კი არაა სახელმწიფოსთვის, არამედ ციხის ადმინისტრაციას სურს ივერი მელაშვილის ადვოკატთან კომუნიკაცია მხოლოდ ციხეში დამონტაჟებული ტელეფონით შედგეს“, – წერს მარიკაშვილი Facebook-ზე.

ედუარდ მარიკაშვილი იმავეს წერდა 28 დეკემბერსაც. მისი თქმით, ბრალდებულ ივერი მელაშვილს არ მიეცა უფლება, ადვოკატისთვის საქმესთან დაკავშირებით მის მიერ მომზადებული წერილობითი ანალიზი გადაეცა. მარიკაშვილი წერდა, რომ ამით დაირღვა დაცვის უფლება.


აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში 8 ოქტომბრიდან არიან.

გამოძიების მტკიცებით, საზღვრების შეთანხმებისას მათ არ გამოიყენეს ერთ-ერთი რუკა, რომელიც საქართველოს ინტერესებში შედიოდა.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ბრალს არ აღიარებენ. მიიჩნევენ, რომ პროკურატურის მიერ მტკიცებულებად მოყვანილი რუკის გამოყენება არ შეიძლებოდა.