„ციხის ფონზე საუბარი უფრო მეტყველია“ - უგულავას შეთავაზება პოლიტიკოსებსა და ტელევიზიებს

პუბლიკა

პოლიტიკოსი გიგი უგულავა წერს, რომ შეთავაზება აქვს ტელევიზიებთან და პოლიტიკოსებთან, ყველა სატელევიზიო ჩართვა თუ პარტიული ბრიფინგი გაიმართოს რუსთავის ციხიდან.

„ყოველი გამოსვლა, სულ რომ ამინდზე, ტრიგონომეტრიაზე ან მფრინავ სპილოებზე გვიწევდეს საუბარი, დავიწყოთ და დავასრულოთ მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების მოთხოვნით. მეტიც, თავად ციხის ფონზე საუბარი უკვე მეტყველი გზავნილია – თავისუფლება მიშას.

მესმის, ლოჯისტიკურად შესაძლოა რთულია, მათ შორის ტელევიზიებისთვისაც. სახლიდან, სტუდიიდან გაცილებით მოსახერხებელია საუბარი. დრო, საწვავი და ნერვები ნაკლებად იხარჯება, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ეს თუნდაც მცირედი ძალისხმევა ძალიან მნიშვნელოვანია პუტინისა და ივანიშვილის ტყვეს, მიხეილ სააკაშვილის, დასახსნელად“, – წერს ის.

ის მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ეს თემა, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, მუდმივად იყოს დღის წესრიგში.

„ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს, მაგრამ თუ ბევრნი დავნერგავთ ამ ძალისხმევას, მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ამაოდ არ ჩაივლის”, – ამბობს უგულავა.