Cinexpress: კინოცენტრში მიმდინარე მოვლენების გამო დროებით ვწყვეტთ კინოჩვენებებს

პუბლიკა

კინენმატოგრაფისთან გაერთიანება Cinexpress კინოცენტრში მიმდინარე მოვლენების გამო „კინოს სახლში“ დროებით წყვეტს კინოჩვენებებს.

„კინოცენტრში მიმდინარე მოვლენების გამო დროებით ვწყვეტთ კინოჩვენებებს. მოგიწოდებთ, შეუერთდეთ პროტესტს იმ პირობით, რომ მაქსიმალურად იქნებით ჩართული მის დაგეგმვასა და ორგანიზებაში“, – წერს Cinexpress.

კინემატოგრაფისთა გაერთიანების წევრები დასძენენ, რომ არა მხოლოდ კინემატოგრაფისტები, არამედ კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანები უნდა გაერთიანდნენ. მათივე თქმით, „ამ ეტაპზე კინოჩვენებების და მშვიდ ფორმატში საუბრების დრო არ არის“.

„CinExpress დამოუკიდებელი კინემატოგრაფისტების გაერთიანება, კინოს განვითარების გზებს მისი პოლიტიკის გააზრებით, კრიტიკით, რეფლექსიითა და რაც მთავარია ახალი ხედვების დაბადებით ხედავს. კინო, როგორც სახალხო ხელოვნება, დღეს არაერთი სისტემური პრობლემის წინაშეა, რომელიც დამოუკიდებელი გზებითა და ძალაუფლებრივი პოლიტიკის მიღმა უნდა გადაიჭრას. იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომელიც სხვადასხვა მიზეზით კინოს სექტორში დაგროვდა და დღეს ერთიანად გამოვლინდა, არა მხოლოდ კინემატოგრაფისტები, არამედ კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანები უნდა გაერთიანდნენ და რეალური, შედეგების მომტანი პროტესტი აწარმოონ მჩაგვრელი სისტემის და ავტორიტარი მმართველების წინააღმდეგ. აუცილებელია, რომ პროტესტმა სწორი ფორმა მიიღოს. ვფიქრობთ, ამ ეტაპზე კინოჩვენებების და მშვიდ ფორმატში საუბრების დრო არაა. აუცილებლად დაგიბრუნდებით“, – აცხადებს Cinexpress.


11 ივნისს ცნობილი გახდა, რომ კულტურის სამინისტრომ კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი, კობა ხუბუნაია დანიშნა, რომელმაც გააუქმა კინოცენტრის დირექტორის მოადგილის ორი პოსტი და ცენტრში რეორგანიზაცია გამოაცხადა.

ამ მოვლენებს წინ უძღოდა კინოცენტრის თანამშრომლების განცხადება, რომლითაც ისინი ცენტრის დამოუკიდებლობას ითხოვდნენ. ეს განცხადება გამოქვეყნებიდან მალევე წაიშალა.

კინოცენტრის თანამშრომელთა ნაწილი და კინოინდუსტრიის წარმომადგენლები ითხოვენ:

  • „კონკურსის გზით  დირექტორის დანიშვნამდე შეწყდეს რეორგანიზაციის პროცესი;
  • კინოცენტრის დირექტორი დაინიშნოს კონკურსის საფუძველზე და არა  ერთპიროვნულად;
  • დირექტორის შესარჩევი კომისია  დაკომპლექტდეს სექტორის წარმომადგენლებისგან; მივმართავთ საზოგადოებას, ხელმოწერით დაადასტუროთ, თუ კი მხარს უჭერთ ჩვენ ამ მოთხოვნას“.