იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციური ჯგუფები ცდილობენ, ყურადღების ცენტრის საზოგადოებაზე ზრუნვიდან სხვა მიმართულებით გადატანას და აქცენტირებას პოლიტიკურ თამაშზე.
„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ იმ შეთანხმებას ვასრულებთ, რომელიც შედგა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით და სადაც დავდეთ პირობა, რომ შევიტანთ ცვლილებებს საქართველოს კონსტიტუციაში. თუმცა ვხედავთ, რომ ოპოზიცია ამ საკითხს სერიოზულად არ ეკიდება.
ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს პრონციპი ფუნდამენტურია და სახელმწიფოს ვერც ერთი დამოუკიდებელი შტოს ფუნქციონირებაში ჩვენ ვერ ჩავერევით. ჩვენ ვრჩებით ამ პრინციპის ერთგული. ეს არის ჩვენი მიზანი. ჩვენი მხრიდან საამისოდ სრული მზაობაა. არ შეიძლება საზოგადოებას ესაუბრო ერთი კონკრეტული პირის სახელით. დაუშვებელია და საზოგადოების მიმართ ცინიკურია, ვინმე რურუასა და საკონსტიტუციო ცვლილებებს შორის დასვა ტოლობის ნიშანი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
დღეს ოპოზიციურმა პარტიებმა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეხვედრის შემდეგ საერთო განცხადება გაავრცელეს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათი ამოცანაა, 2020 წლის არჩევნები საქართველოში გაიმართოს მშვიდ, ნორმალურ ვითარებაში, ხოლო ხელისუფლება შეიცვალოს არჩევნების გზით.
ასევე, განცხადებაში ისინი იმედს გამოთქვამენ, რომ „მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა მალე დატოვებს საპატიმროს.