ცისკარიშვილი: საზღვარგარეთ გაყვანის შემთხვევაში სააკაშვილი "ალბათ, მზად არის" პოლიტიკას ჩამოშორდეს

პუბლიკა

პეტრე ცისკარიშვილის თქმით, საზღვარგარეთ გაყვანის შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი „ალბათ, მზად არის“ ქართულ პოლიტიკას ჩამოშორდეს, რადგან „სიკვდილ – სიცოცხლის საქმეა“.

ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

„ალბათ მზად არის, რადგან აქ სიკვდილ-სიცოცხლის საქმეა. თუ ასე გაგრძელდა, როგორც არის, ადამიანი უბრალოდ აღარ იქნება, გარდაიცვლება, მოკვდება მიხეილ სააკაშვილი. შეიძლება იმდენი ესმის „ქართულ ოცნებას“, რომ მესამე პრეზიდენტის სიკვდილი მათთვისაც დამაზიანებელი აღმოჩნდება და ქვეყანა ძალიან დიდ ქაოსში და უბედურებაში ჩავარდება.

ყველასთვის დამაზიანებელი იქნება და ისინიც ჩაჰყვებიან ამას, ხეირს და სარგებელს ვერ მიიღებს „ქართული ოცნება.“ შუალედურად აკვირდებიან, რომ დაინვალიდებამდე მიიყვანონ. ამიტომ ვართ ჩვენ შეშფოთებულები და შეძრწუნებულები“, – აღნიშნა ცისკარიშვილმა.