შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1985 წელს დაბადებული ზ.ფ. დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 4 ივნისს, თბილისში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სამი ადამიანი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა სამივე დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, რომელთაგანაც ერთ-ერთი – 1983 წელს დაბადებული რ.რ. სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანების შედეგად, კლინიკაში მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებული, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.