განათლების კოალიციის, CK-12-ის ფონდის და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი ინიციატივითა და ძალისხმევით CK-12 პლატფორმაზე დისტანციური სწავლების პროცესში ქართველი მოსწავლეების დასახმარებლად სპეციალური გვერდი შეიქმნა.
პროექტის ფარგლებში VII-IX კლასის მოსწავლეებისთვის ქართულ ენაზე ითარგმნება და ადაპტირდება მათემატიკის, ფიზიკის, ბიოლოგის და ქიმიის ელექტრონული სახელმძღვანელოები.
მოსწავლეებს დისტანციურად შეეძლებათ მოიძიონ სასურველი თემა, გადაიმეორონ განვლილი მასალა და ისწავლონ ახალი. CK-12 პლატფორმაზე ქართულ ენაზე ნათარგმნი და ადაპტირებული პირველი ელექტრონული სახელმძღვანელო, მათემატიკა IX კლასი და ქიმია VIII-IX კლასი მოსწავლეებისთვის უკვე ხელმისაწვდომია ვებგვერდზე www.ck12.org/pages/georgia სხვა საგნებში ელექტრონული სახელმძღვანელოები პორლტარს ეტაპობრივად დაემატება.
მხარეებს შორის თანამშრომლობა განათლების კოალიციასა და საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმას CK-12-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე შედგა, რომელიც მიზნად ისახავს ქართულ ენაზე ღია საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსების ხელმისაწვდომობის გაზრდას და დისტანციური სწავლების პროცესის მხარდაჭერას. ინიციატივა ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან კოორდინაციით.
მხარეებს შორის თანამშრომლობა გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს და რეგიონალური ოფისების შუამავლობით გახდა შესაძლებელი. თანამშრომლობის მიზანია, საქართველოში სწავლების და სწავლის ხარისხის გაუმჯობესება, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით.
CK-12 წარმოადგენს საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმას რომლის მიზანია ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ციფრული რესურსების საშუალებით. www.ck-12.org პლატფორმაზე განთავსებულია სახელმძღვანელოები და დამხმარე რესურსები მეტწილად STEM-ის მიმართულებით. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში 137 მილიონზე მეტმა სტუდენტმა და მასწავლებელმა გამოიყენა CK-12 რესურსები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მათ შორის მისი ციფრული წიგნები, ადაპტაციური პრაქტიკული სავარჯიშოები, სამეცნიერო სიმულაციები. შეიქმნა 260 000-ზე მეტი ე.წ. „ფლექს ბუქი“, მოსწავლეებმა უპასუხეს ჯამურად 790 მილიონზე მეტ შეკითხვას და ჩატარებული საათების რაოდენობამ შეადგინა 20 მილიონი სასწავლო საათი.