ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა - „რადიო თავისუფლება“

პუბლიკა

„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში დატოვა.

„ველოდები ინფორმაციას”, – „პუბლიკასთან” საუბრისას სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ამ ეტაპზე ინფორმაციას არ ადასტურებს.

ვაჟა გაფრინდაშვილმა ცხინვალის ციხეში უკვე თვეზე მეტი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებას და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს ექიმის გათავისუფლებისკენ საერთაშორისო საზოგადოებამ არაერთხელ მოუწოდა.

ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება იყო მთავარი საკითხი, რომელიც 10-11 დეკემბერს, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისას განიხილეს. საქართველოსთან ერთად ეს ევროკავშირის, გაეროს, ეუთოსა და აშშ-ის წარმომადგენლებმაც მოითხოვეს.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცნობილი ექიმი-ტრავმატოლოგი 9 ნოემბერს ახალგორის რაიონში დააკავეს.

ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ექიმს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.