ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტი 23 ივნისის აქციას პროვოკაციულს უწოდებს

პუბლიკა

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის, ე.წ. უშიშროების კომიტეტი უკანონო პატიმრობაში მყოფ ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და 23 ივნისს დაგეგმილ აქციას პროვოკაციულს უწოდებს.

მათი თქმით, მიუხედავად ქართული მხარის განცხადებისა, რომ მნიშვნელოვანია ამ საკითხის საერთაშორისო მექანიზმების ფარგლებში გადაწყვეტა, საქართველოში ცალკეული ოპოზიციური ძალები მოლაპარაკების პროცესის ჩაშლას ცდილობენ.

განცხადებაში ისინი ასევე ახსენებენ, რომ „ძალა ერთობაშიას“ ლიდერმა, დავით ქაცარავამ 23 მაისს დააანონსა აქცია, ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვრის უშუალო სიახლოვეს, რათა საქართველოს ხელისუფლებას უბიძგონ უფრო აქტიური ქმედებებისკენ.

განცხადება ასევე ეყრდნობა ქაცარავას facebook-სტატუსს, რომ გახელაძის ოჯახი, არასამთავრობო ორგანიზაციის მხარდაჭერით, გეგმავს საპროტესტო აქციას სამხრეთ ოსეთის საზღვრის უშუალო სიახლოვეს, რის შემდეგაც მონაწილეები გეგმავენ ცენტრალური მაგისტრალის ბლოკირებას.

ე.წ. უშიშროების კომიტეტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ძალა ერთობაშიას“ საქმიანობის ხასიათიდან გამომდინარე, გამორიცხული არ არის, რომ აქციის მონაწილეებს უბიძგონ „სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისკენ“.

ე.წ. უშიშროების კომიტეტის თანახმად, აქციის ინიციატორებს შეახსენებენ, რომ სასჯელისგან გათავისუფლება ხდება „კანონიერი საფუძვლებით და პირობებით“ და არა „პოლიტიკური შანტაჟის“ შედეგად. მსგავსი „პროვოკაციული ინიციატივების რეალიზაცია“ კი, მიუხედავად იმისა, თუ ვისგან მომდინარეობს, არა მხოლოდ ხელს არ უწყობს უთანხმოების დიპლომატიური და ცივილიზებული გზით გადაჭრას, არამედ მნიშვნელოვნად აზიანებს მთლიანად მოლაპარაკების პროცესს.

ე.წ. უშიშროების კომიტეტი აცხადებს, რომ „საზღვრის“ დარღვევის ნებისმიერი მცდელობა „კანონმდებლობის“ ფარგლებში აღიკვეთება, და საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებსა და მოქალაქეებს მოუწოდებს, არ დაუშვან მსგავსი ქმედებები.