ცხინვალის ცნობით, გაგლოევმა ე.წ გამშვები პუნქტების გახსნის საკითხი КГБ-ესა და ФСБ-სთან განიხილა

პუბლიკა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობის ონლაინ გამოცემა „რეს-ის“ ცნობით, ე.წ პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა „სახელმწიფო საზღვარზე უსაფრთხოების საკითხები“ რუსული სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის​ (КГБ) და უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) სასაზღვრო სამმართველოს ხელმძღვანელებთან განიხილა.

კერძდ, განიხილეს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიასთან ე.წ გამშვები პუნქტის გახსნის საკითხი.

რეს-ის“ თანახმად, „შეხვედრის მსვლელობისას განიხილეს ურთიერთქმედების მიმდინარე საკითხები, ასევე თემები, რომლებიც ეხება უსაფრთხოების სფეროში სტაბილურობის უზრუნველყოფასა და მუშაობის კოორდინაციას“.

გამოცემის მიხედვით, ფბს-ის წარმომადგენელმა ვლადიმერ შჩემელინინმა ალაბ გაგლოევს „მიაწოდა ინფორმაცია სახელმწიფო საზღვარზე არსებულ ოპერატიულ ვითარებასა და იმ ქვედანაყოფების მიმდინარე საქმიანობაზე, რომლებიც რესპუბლიკის საზღვრების დაცვას უზრუნველყოფენ. ამასთან, შეეხნენ სასაზღვრო რაიონების მცხოვრებთა და სასაზღვრო სტრუქტურების ურთიერთქმედების საკითხებს“.

რეს“ წერს, რომ „განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამხრეთ ოსეთ-საქართველოს საზღვრის მონაკვეთზე გამშვები პუნქტების ფუნქციონირებას. განიხილეს მათი გახსნისთვის მზადება, მათ შორის „რაზდახანისა“ და „სინაგურის“ გამშვები პუნქტების, ასევე უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მიმართული ორგანიზაციული ღონისძიებები“.

გამშვები პუნქტები, რომლითაც ახალგორის მოსახლეობა შესაბამისი დოკუმენტაციის ფლობის შემთხვევაში საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლისთვის სარგებლობს, ცხინვალს ჩაკეტილი აქვს და მხოლოდ პერიოდულად და მცირე ხნით ხსნის.