ოკუპაციის ფონზე ყოვლად მიუღებელია საუბარი ნებისმიერ რეფერენდუმზე" - დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

პუბლიკა

„საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პირობებში, ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ  რეფერენდუმს არანაირი იურიდული შედეგი არ ექნება“ – დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

„საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის ფონზე, ყოვლად მიუღებელია საუბარი ნებისმიერ რეფერენდუმზე“, – ასე გამოეხმაურა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იეპე კოფოდი რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რეფერენდუმის ჩატარების საკითხს. აღნიშნული კომენტარი მან საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.

მისი თქმით, ოკუპაციის პირობებში, როდესაც  ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილია საქართველოს ასობით ათასი მოქალაქე, რომლებიც საკუთარ სახლებში დაბრუნებას დღემდე ვერ ახერხებენ, ვერანაირ რეფერენდუმს ვერ ექნება იურიდული შედეგი.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, საქართველო, პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერით, თანმიმდევრულად ახორციელებს სამშვიდობო პოლიტიკას და არ დაუშვებს პროვოკაციებში ჩართვასა და 2008 წლის ომის მძიმე შედეგების განმეორებას.

მის კომენტარს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.


გუშინ, 30 მარტს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ რუსეთთან გაერთიანება სამხრეთ ოსეთის სტრატეგიული მიზანია.