ცხინვალის რეგიონში მდგომარეობა ცოტა უფრო კრიტიკული და მძიმეა - ციხელაშვილი

პუბლიკა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ამ ეტაპზე აფხაზეთის რეგიონში არის ვირუსის გავრცელების მაღალი რისკები, რადგან ბოლო დღეების განმავლობაში ხდებოდა უკონტროლო შემოდინება ფსოუს მონაკვეთიდან, გადაადგილებები და ხალხმრავალი თავყრილობები.

რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, მისი თქმით, აქ მდგომარეობა ცოტა უფრო კრიტიკული და მძიმეა, რამდენადაც იქ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც არ აქვთ წვდომა.

„რა თქმა უნდა ჩვენ ინტენსიურ რეჟიმში ვავრცელებთ ინფორმაციას, მათ შორის აფხაზურ და ოსურ ენებზე და ვაწვდით მოსახლეობას ყველა იმ რეკომენდაციას, რაც გაიცემა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. ძალიან მნიშვნელოვანია ამ რეკომენდაციების დაცვა, პირადი ჰიგიენიდან დაწყებული , სოციალური დისტანცირებით დასრულებული. იმიტომ, რომ ეს არის ყველაზე ქმედითი ზომა პრევენციისთვის. რაც შეეხება უკვე დიაგნოსტიკას და მართვას, აქ რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს მზაობა, ამაზე ვმუშაობთ ძალიან აქტიურად, ასევე ადგილზე გარკვეული ღონისძიებების გატარებისთვისაც ჩვენი პარტნიორების მეშვეობით.

რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, აქ მდგომარეობა ცოტა უფრო კრიტიკული და მძიმეა, რამდენადაც იქ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც არ აქვთ წვდომა, გარდა წითელი ჯვარისა და ჩვენ ვცდილობთ ამ პარტნიორის მეშვეობით გადავდგათ ნაბიჯები, რომ მოსახლეობას ძალიან მძიმე მდგომარეობა შევუმსუბუქოთ და გავატაროთ გარკვეული ღონისძიებები ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის“, -განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრმა კომენტარი ასევე გააკეთა აფხაზეთიდან გადმოყვანილ 50 წლამდე ქალბატონზე. მისი თქმით, ამ დროისთვის მისი ანალიზის პასუხი ცნობილი არაა.

„აფხაზეთის რეგიონიდან გადმოყვანილია ერთი 50 წლამდე ქალბატონი, სოფელ საბერიოდან, რომელსაც აღენიშნებოდა მაღალი ცხელება და აქვს მოგზაურობის ისტორია რუსეთის ფედერაციაში. ამ ეტაპზე არ გვაქვს პასუხი, თუმცა ამ ქალბატონს ჩაუტარდა ტესტირება და საღამოსათვის გვეცოდინება არის დადებითი თუ უარყოფითი პასუხი კორონავირუსზე, რის შემდეგადაც უკვე მივიღებთ დამატებით ზომებს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე არის სტაბილური, თუმცა ცხელება გრძელდება, იმყოფება ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში, მედპერსონალის დაკვირვების ქვეშ. რა თქმა უნდა გაცნობიერებული გვაქვს, რომ შემთხვევების რიცხვი და მომართვიანობა შეიძლება გაიზარდოს”, – განაცხადა ციხელაშვილმა.