ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო „ქართული ოცნების” მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ „საკმარისი დრო გავიდა იმისთვის, რომ ოფიციალურმა თბილისმა მიიღოს 2008 წლის აგვისტოს შემდეგ არსებული რეალობა და აღიაროს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტი”.
„ოქტომბერში გასამართი საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ფონზე, ქართველი პოლიტიკოსებისგან ისმის სხვადასხვა განცხადებები სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სტატუსთან დაკავშირებით. გამონაკლისი არც მმართველი პარტიაა, რომელიც ელექტორატისთვის ბრძოლისას სპეკულირებს ე.წ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თემით.
აშკარაა, რომ ასეთი განცხადებები გამიზნულია მხოლოდ შიდა აუდიტორიისთვის და სრულად ასახავს საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიის ემოციებს. საკმარისი დრო გავიდა იმისთვის, რომ ოფიციალურმა თბილისმა მიიღოს 2008 წლის აგვისტოს შემდეგ არსებული რეალობა და აღიაროს სამხრეთი ოსეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტი”, – ნათქვამია განცხადებაში.
„ქართულის ოცნების” პოლიტიკურმა საბჭომ 20 აგვისტოს განცხადება გაავრცელა, რომლითაც მოსახლეობას 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა, ვინაიდან, პარტიის განცხადებით, მათ საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდებათ.
განცხადების ერთი პუნქტი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასაც დაეთმო. მმართველი პარტია წერს, რომ უნდა მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რათა „გარე ძალებმა მათ ვერ შეუშალონ ხელი „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის აუცილებელ საკონსტიტუციო ცვლილებების გატარებაში”.
„მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემთხვევაში, აუცილებელი გახდება საქართველოს კონსტიტუციის ცვლილება, რათა საქართველოს მმართველობის სისტემა და ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა ახალ რეალობასთან მოვიდეს შესაბამისობაში.
გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს გარშემო მოვლენები ძალზე დინამიკურად ვითარდება, ამგვარი მოცემულობისთვის ნებისმიერ დროს უნდა ვიყოთ მზად. ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი მიდგომების გათვალისწინებით, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ისინი ასეთ შემთხვევაშიც გარე დავალებას შეასრულებენ და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის აუცილებელ საკონსტიტუციო ცვლილებებს აუცილებლად წინ აღუდგებიან. შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ ესაჭიროება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რათა საჭიროების შემთხვევაში, აუცილებელი საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას ვერავინ შეუქმნას დაბრკოლება”, – ნათქვამია განცხადებაში.