ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ არცევიდან 33 წლის კაცი გაიტაცეს

პუბლიკა

საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 1992 წელს დაბადებული კაცი სოფელ არცევში „საზღვრის უკანონოდ კვეთის გამო დააკავეს”.

გატაცებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოეხმაურა.

უწყების განცხადებით:

„ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.