ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა დააკავა საქართველოს მოქალაქე, აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი

პუბლიკა

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა დააკავა საქართველოს მოქალაქე და სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი.

საოკუპაციო მთავრობის ცნობით, მეარაყიშვილი დაკავებულია რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე – ჯაშუშობის მუხლით.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის განცხადებით, „გამომძიებლების ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქემ შეაგროვა და გადასცა ინფორმაცია რესპუბლიკაში არსებული სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების შესახებ, რითაც საფრთხე შეუქმნა ქვეყნის უსაფრთხოებას“, – განაცხადა პრესსამსახურმა.

თამარ მეარაყიშვილი წარსულშიც არაერთხელ იყო დაკავებული. მას ჩამორთმეული ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და აკრძალული ჰქონდა ოკუპირებული ტერიტორიების დატოვება. ის წლების განმავლობაში ახალგორში ცხოვრობდა, ერთი წლის წინ კი ცხინვალში გადავიდა საცხოვრებლად.

როგორც „კავკაზსკი უზელ“ იტყობინება, გუშინ, 22 დეკემბრის საღამოს უსაფრთხოების ძალები დიდი ხნის განმავლობაში იდგნენ თამარ მეარაყიშვილის ცხინვალის ბინის წინ. მათ კარზე დააკაკუნეს და მეზობლებს ესაუბრნენ. გუშინვე მეარაყიშვილმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ 23 დეკემბრიდან შიმშილობას დაიწყებდა „ძალაუფლების თვითნებური გამოყენების, საჯარო სამსახურის შესახებ კანონის, შრომის კანონმდებლობისა და მისი უფლებების სრული უგულებელყოფის“ წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად.

მის მოთხოვნებს შორის იყო საოკუპაციო რეჟიმის ლიდერ ალან გაგლოევთან და საოკუპაციო პარლამენტის თავმჯდომარე ალან მარგიევთან შეხვედრა.

თამარ მეარაყიშვილი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ახალგორსა და ცხინვალში მეორად ტანსაცმელს ჰყიდდა. გუშინდელ Facebook-Live-ში მან თქვა, რომ საქონლის შეტანის საშუალებას არ აძლევდნენ.

განახლება:

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ცხელი ხაზით დაადასტურა თამარ მეარაყიშვილის დაკავება.

„დღეს ცხინვალიდან ცხელი ხაზით დაადასტურეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქის, თამარ მეარაყიშვილის უკანონოდ დაკავების ფაქტი; მიმდინარეობს ინტენსიური კომუნიკაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით“. – აცხადებს სუსი.