ცხინვალში გუშინ ინალ ჯაბიევი დაკრძალეს, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელებმა დაკითხვისას სასიკვდილოდ სცემეს. ჯაბიევის სიკვდილს ცხინვალში მოქალაქეთა საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტის ცნობით, პროცესიას 1 500-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა.
„გადადექი!“, „გასამართლდეს გენერალური პროკურორი“ – ამ მოწოდებებით ჯაბიევის დაკრძალვის შემდეგ მოქალაქეებმა ქალაქის ცენტრში პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია განაგრძეს. როგორც „ეხო კავკაზა“ წერს, მოქალაქეთა ნაწილი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრასაც ცდილობდა.
მანამდე, ჯაბიევის დაკრძალვას, მის წინააღმდეგ მიმართული პროტესტის მიუხედავად, თავად ანატოლი ბიბილოვიც დაესწრო, რომელიც გადადგომას არ აპირებს, მაგრამ ხალხს ჰპირდება, რომ ჯაბიევის საქმეში მონაწილე პირები დაისჯებიან.
რა მოხდა ცხინვალში?
ცხინვალში დაწყებულ აქციებს წინ უძღოდა დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრზე იგორ ნანიევზე თავდასხმა. მინისტრის მანქანას 17 აგვისტოს ცხინვალში ცეცხლი გაუხსნეს, მაგრამ ნანიევი თავდასხმას გადაურჩა. „ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, მინისტრის მანქანაზე თავდასხმის საქმეზე 24 აგვისტოს ინალ ჯაბიევი კიდევ 2 პირთან ერთად დააკავეს.
28 აგვისტოს ცხინვალის საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში მყოფი ინალ ჯაბიევი მიიყვანეს, რომელიც მანამდე ცხინვალის იზოლატორში ნანიევზე თავდასხმასთან დაკავშირებით დაკითხვაზე იყო. ჯაბიევი მალევე რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა. ინტერნეტში მისი სხეულის ფოტოები გავრცელდა, სისხლჩაქცევებით ფეხებზე, ხელებსა და ზურგზე. გავრცელდა ინფორმაციაც, რომ ჯაბიევი პოლიციელებმა ცემით მოკლეს.
იმავე დღეს, დაღუპული ჯაბიევის ნათესავებმა ჯერ საავადმყოფოსთან, შემდეგ კი ცხინვალის მთავარ, თეატრის მოედანზე საპროტესტო აქცია გამართეს. აქციას ასობით ადამიანი შეუერთდა. შეკრებილები საქმის გამოძიებასა და დე ფაქტო მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ. დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა თავდაპირველად დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრი, იგორ ნანიევი გადააყენა. 28 აგვისტოს გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ერიკ ფუხაევმაც, რომლის გადადგომაც ბიბილოვმა 29 აგვისტოს დააკმაყოფილა და მასთან ერთად დაითხოვა მთავრობის სრული შემადგენლობაც.
თუმცა მოქალაქეები ქალაქის მთავარ მოედანზე 29 აგვისტოსაც შეიკრიბნენ. მომიტინეგეებისთვის მთავრობის გადადგომა საკმარისი არ იყო, ისინი დე ფაქტო გენერალური პროკურორისა და თავად ბიბილოვის გადადგომასაც მოითხოვენ. რადგან მათი განცხადებით, მთავარი პასუხისმგებლობა სწორედ მათზე მოდიოდა.
ჯაბიევის სიკვდილის შემდეგ შვებულებიდან ნაადრევად დაბრუნდნენ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის წევრებიც. 29 აგვისტოს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა პრეზიდენტის სახელზე გააკეთეს მიმართვა, რომლითაც მოითხოვდნენ, რომ თანამდებობა დაეტოვებინა დე ფაქტო გენერალურ პროკურორს. მიმართვის ტექსტს მხარი პარლამენტის წევრთა უმრავლესობამ დაუჭირა.
„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, ასევე 29 აგვისტოს Facebook-ით ცხინვალის იზოლატორში ნაცემი კიდევ ერთი პირის ფოტოები გავრცელდა, რომელიც ცხინვალელი სამოქალაქო აქტივისტების ცნობით, ნიკოლაი ცხოვრებოვია.
ცხოვრებოვი ინალ ჯაბიევთან და გერსან ყულუმბეგოვთან ერთად დააკავეს, ისიც იმავე საქმეზე, იგორ ნანიევზე თავდასხმაში იყო ეჭვმიტანილი. როგორც „რადიო თავისუფლება“ წერს, ინალ ჯაბიევის სიკვდილის შემდეგ ნაცემი ნიკოლაი ცხოვრებოვი ზნაურის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი მდგომარეობა დამძიმდა და ცხინვალის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში დააბრუნეს. ცხოვრებოვსაც ჯაბიევის მსგავსად მთელ ტანზე სისხლჩაქცევები ჰქონდა.
კოკოითის მიმართვა ბიბილოვს
ჯაბიევის სიკვდილის შემდეგ რუსეთიდან ცხინვალში დაბრუნება გადაწყვიტა ყოფილმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა. Sova News ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ კოკოითი ცხინვალის რეგიონში არ შეუშვეს. თუმცა, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილი ლიდერი უარყოფს, რომ საზღვარზე რუსებმა დააბრკოლეს, თუმცა მის მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ ბიბილოვს მისი დაბრუნების ეშინია.
„შენ მშვენივრად იცი, რომ მონადირე ვარ და სიარული არ მიჭირს, ჩამოვალ მე სამხრეთ ოსეთში, მაგრამ ჩამოვალ წნელისის გავლით. მივალ იმ ადგილას, სადაც ქართველებმა ჩვენს მიწაზე პოსტი დადგეს. იმედი მაქვს, იქ მაინც გამოგზავნი დანაყოფს და ერთად გავათავისუფლებთ ამ ჩვენს მიწას”, – მიმართა კოკითმა ბიბილოვს, თან მოუწოდა ჯაბიევის საქმეზე პასუხისმგებლობა აეღო და გადამდგარიყო.
„მოგმართავ თხოვნით. ეს არ არის ულტიმალტუმი. შენ იმის მიღწევა გინდა, რომ სამხრეთ ოსეთში არ დავბრუნდე. ამას ვერ მიაღწევ. მე ჩამოვალ სამხრეთ ოსეთში. თუ შენ ასე ძალიან გეშინია ამის, სიტყვას გაძლევ, არ ჩამოვალ, თუკი შენ 31 აგვისტოს, 12:00 საათზე გადადგები და ოს ხალხს არ აწვალებ“, – განაცხადა კოკოითმა. თუმცა, ჯერჯერობით ანატოლი ბიბილოვს მისთვის პასუხი არ გაუცია.
გამოცემა Sova News-ის მიხედვით, ანატოლი ბიბილოვმა ცხინვალში საპროტესტო გამოსვლებში ჩარევასა და სიტუაციის დაძაბავაში თბილისიც დაადანაშაულა. ბიბილოვის თქმით, „ქართველი ბოტები“ ინტერნეტში სიტუაციას ხელოვნურად ამწვავდებდნენ.
რას ამბობენ თბილისში?
ცხინვალში მიმდინარე მოვლენებს თბილისში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი გამოეხმაურა და „ღრმა შეშფოთება გამოთქვა ცხინვალის რეგიონში არსებულ უკიდურესად მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე“.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებით, ინალ ჯაბიევის სიკვდილიც ცხინვალში არსებულ საგანგაშო მდგომარეობაზე მიუთითებს და ნათლად ადასტურებს, რომ წლების განმავლობაში მიმდინარე ოკუპაციისა და იმის შედეგად, რომ უკანასკნელი წლების მანძილზე არაერთ ტრაგიკულ შემთხვევაზე რეჟიმს დღემდე პასუხი არ უგია, სულ უფრო რთულდება ადგილობრივი მცხოვრებლების უსაფრთხოების და უფლებრივი მდგომარეობა.
„საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყენებით ძალისხმევას, რათა მოსახლეობას მიეცეს უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა.
ამასთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი მოუწოდებს საერთაშორისო პარტნიორებს, განაგრძონ ზეწოლა საოკუპაციო რეჟიმზე, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეწყდეს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები“, – ნათქვამია სახელმწიფო მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რა ეტაპზეა გამოძიება
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ინალ ჯაბიევის საქმეზე ცხინვალის დე ფაქტო პროკურატურამ ადგილობრივი კრიმინალური მილიციიის 8 თანამშრომელი დააკავა, რომელთაგან ერთი მოგვიანებით გაათავისუფლეს.
გამოძიება მიმდინარეობს ძალაუფლების გადაჭარბების მუხლით, რომელმაც სიკვდილი გამოიწვია. ცხინვალის ციხეში ამ დროისთვის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს 7 თანამშრომელი რჩება, რომლებიც ბრალის წარდგენას ელოდებიან. მოქალაქეები კი საქმის სრულყოფილად გამოძიებასთან ერთად დე ფაქტო გენერალური პროკურორისა და პრეზიდენტისგან თანამდებობის დატოვებასაც ითხოვენ და საპროტესტო აქციების შეწყვეტას არ აპირებენ.