ცხოველებზე ძალადობის წინააღმდეგ თბილისში აქცია გაიმართა

პუბლიკა

თბილისში, პირველი გიმნაზიის მიმდებარედ ცხოველებზე ძალადობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეებს მიყვანილი ჰყავდათ შინაური ცხოველები და მიტანილი ჰქონდათ ბანერები სხვადასხვა წარწერით, რომელთა შინაარსი ცხოველებზე ძალადობის და მათი მოკვლის წინააღმდეგ გზავნილები იყო.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ მარნეულში ძაღლის ცემის ბრალდებით დაკავებულ ადამიანს უნდა განესაზღვროს საპატიმრო სასჯელი და არ დაეკისროს გირაო.

ისინი ამბობენ, რომ თუ კანონი მკაცრად არ დასჯის ცხოველებზე მოძალადეებს, მსგავსი ფაქტები კიდევ განმეორდება.

თბილისში აქცია დაიგეგმა მას შემდეგ, რაც 8 იანვარს სოციალურ ქსელში ძაღლის ცემის ვიდეო გავრცელდა.

ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის, წამების ან სხვაგვარი ძალადობის ბრალდებით შსს-მ ერთი პირი უკვე დააკავა.

აღნიშნული მუხლისთვის ყველაზე მკაცრი სასჯელი  ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთაა.