7 თებერვალს ცხოველთა უფლებების დამცველმა სამმა ორგანიზაციამ, საერთო ძალისხმევით, 75 კატის გადარჩენა მოახერხა. ისინი დაბა მახინჯაურში შემგროვებელს პატარა სივრცეში (10 კვ.მ-ში) ჰყავდა გამოკეტილი, – ინფორმაციას ამის შესახებ ცხოველთა უფლებადამცველი ორგანიზაცია Animal Project ავრცელებს.
„8 თებერვალს კლინიკა „ვეტექსის“ მიერ ჩატარდა პირველადი დათვალიერება, შეფასდა ცხოველების ზოგადი მდგომარეობა და დაინიშნა მკურნალობის კურსი. უახლოეს მომავალში, ცხოველები გადანაწილდებიან მოხალისე შემფარებლებთან, „საქართველოს ფისომოყვარულთა კლუბისა“ და დროებით შექმნილ თავშესაფრებში. მკურნალობის დასრულების შემდეგ ყველა ცხოველს ჩაუტარდება სტერილიზაცია-კასტრაცია“, – აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.
ორგანიზაცია განმარტავს, რომ შემგროვებლობა განსაზღვრულია მენტალური აშლილობების სადიაგნოსტიკო და სტატისტიკურ სახელმძაღვანელოში (ამერიკული ფსიქიატრიის ასოციაცია), როგორც პათოლოგიური ქცევა, რა დროსაც, პიროვნებას აქვს დაუძლეველი მოთხოვნილება აიყვანოს და აკონტროლოს ცხოველები იმის გაანალიზების გარეშე, რომ მათ ტანჯვას და ზიანს აყენებს.
ცხოველთა დამცველები იმედოვნებენ, რომ უახლოეს მომავალში, საკანონმდებლო ცვლილებების დონეზე აღმოიფხვრება საქართველოში შემგროვებლობის პრობლემა.
Facebook-ის ცხოველთა დამცველ ჯგუფში – „საქართველოს ფისომოყვარულთა კლუბი“ დეკემბრის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მახინჯაურში 8 კვ/მ ფართობის შენობაში 70-80-მდე კატა იყო თავმოყრილი. პოსტის ავტორი ამბობდა, რომ ფისოები ერთ კაცს ჰყავდა გამომწყვდეული და მათ დღის შუქი თვალით არ უნახავთ. აღნიშნულ პოსტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.