CNN-ის წამყვანის შეკითხვა ურსულა ფონ დერ ლაიენს საქართველოს გავლით სანქციების თავიდან არიდებაზე

პუბლიკა

CNN-ის ეთერში წამყვანმა კრისტიან ამანპურმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეკითხვა დაუსვა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე და ამ სანქციების აღსრულებაზე. მან ამ კონტექსტში ახსენა საქართველოც და აღნიშნა, რომ მიუხედავად სანქციებისა, ბევრი საქონელი მაინც აღწევს რუსეთში.

„სანქციებს სანქციებზე იღებთ რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ ვისმენთ და დარწმუნებული ვარ, თქვენც ნანახი გაქვთ, რომ მიუხედავად ამისა, ბევრი აკრძალული საქონელი აღწევს რუსეთში. ბოლო ცნობების მიხედვით, განსაკუთრებით, საქართველოს გავლით… როგორ უნდა იყოს მიღწეული, რომ სანქციების მიუხედავად, რუსეთმა ვეღარ მიიღოს ის საქონელი, რომელიც სჭირდება?”, – ნათქვამი იყო ჟურნალისტის შეკითხვაში.

აღნიშნულზე ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა:

„დიახ, ჩვენ სანქციების 9 პაკეტი მივიღეთ და მას აქვს ეფექტი. სანქციები ანგრევს რუსეთის ეკონომიკას, ახალი ტექნოლოგიების გარეშე ტოვებს მას და ეს მუშაობს. მაგრამ ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ, რა თქმა უნდა, არის [სანქციების] გვერდის ავლის მცდელობები. ჩვენ ამას ვერ მივიღებთ. უკვე დავაანონსეთ იმ ადამიანების სიის შექმნა, ვისაც ტექნოლოგიები ან საქონელი გააქვს ევოკავშირიდან რუსეთში. მაგრამ სანქციების მეათე პაკეტი ძირითადად ფოკუსირებული იქნება ამ ხვრელების დახურვაზე, [სანქციების] გვერდის ავლის დასრულებაზე და დიდი პასუხისმგებლობის დაკისრებაზე მათზე, ვინც გვერდს უვლის ევროკავშირის სანქციებს. მეათე პაკეტი ამაზე იქნება”, – აღნიშნა მან.

ამ საკითხს გამოეხმაურა „ქართული ოცნების” თანმჯდომარე ირაკლი კობახიძე და ინფორმაციას ტყუილი უწოდა. მისი თქმით, CNN-ის ჟურნალისტის შეკითხვა  The New York Times-ში გამოქვეყნებულ ფეიკ-სტატიას ეყრდნობა.

„ეს ხომ CNN-ია და არა „TV პირველი“ ან „მთავარი არხი“ – „ნაცმოძრაობის“ ჯიბის ტელევიზიები. როდესაც CNN-ზე ასეთი მასშტაბის ტყუილი ჟღერდება, ეს მიუთითებს იმაზე, რომ არის რაღაც სერიოზული ძალა, რომელსაც აქვს ინტერესი, საქართველოს ხელოვნურად შეუქმნას პრობლემები. მიზანი შეიძლება იყოს ერთადერთი – ესკალაცია და საბოლოო ჯამში ამ ესკალაციის მიზანი უნდა იყოს მეორე ფრონტი“, – განაცხადა კობახიძემ.