პარტია „ქართული ოცნებიდან“ ფორმალურად გასული და უმრავლესობაში მყოფი დეპუტატები, რომლებმაც ანტიდასავლური მოძრაობა „ხალხის ძალა“ დააფუძნეს, განცხადებას ავრცელებენ. ისინი ამერიკული გამოცემა CNN-ის ეთერში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გასულ გადაცემას ეხმაურებიან.
ისინი განცხადებაში კვლავ იმეორებენ ანტიამერიკულ და დეზინფორმაციულ ნარატივს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით.
„არაჟნის კონტეინერით საქართველოში უკანონოდ შემოპარული ექსპრეზიდენტი, სანდრო გირგვლიანის მკვლელების შემწყალებელი და ვალერი გელაშვილის წამების შემკვეთი ჩNN-ზე, ნაცმოძრაობის ხელით წარმოებული ფეიკკამპანიის შესაბამისად, პუტინის პირად პატიმრად გაასაღეს, ხოლო საავადმყოფოში სრულ კომფორტში მყოფი პატიმარი წამებულად გამოიყვანეს. როდესაც ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ტელევიზია ნოდარ მელაძის დონემდე დადის, ძალიან კარგად ჩანს, თუ რამდენად მასშტაბურია კოორდინაცია „ფრი მიშას“ სპეცოპერაციის გარშემო და რამდენად მნიშვნელოვანია საბოლოო მიზანი, რომელსაც სააკაშვილის განთავისუფლება ემსახურება“, – ნათქვამია განცხადებაში.
ისინი ამბობენ, რომ სწორედ ამერიკაში გაყალბდა დასკვნა სააკაშვილის ე.წ. მოწამვლის შესახებ.
ამ განცხადებას უპასუხა „TV პირველის“ ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ: „ბატონო სოზარ, ბატონო გურამ, ბატონო დიმიტრი, გთხოვთ დაეცეთ ჯიმ რიშის დონემდე?”.
გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების შესახებ სხდომა გაიმართა. სასამართლო სხდომაზე კლინიკიდან დისტანციურად ჩაერთო მიხეილ სააკაშვილი. მან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო პროცესში მონაწილეობა. მომდევნო სასამართლო სხდომა 29 დეკემბერს უნდა გაიმართოს.