CNN „ვივამედში“ გადაღებულ მიხეილ სააკაშვილის კადრებს ავრცელებს

პუბლიკა

ტელეკომპანია CNN-მა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედში“ ყოფნის კადრები გაავრცელა, რომელშიც, სავარაუდოდ, სააკაშვილის გონების კარგვის ეპიზოდები ჩანს.

ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ისეთი კადრებია, რომელიც არ არის შესული პენიტენციური სამსახურის მიერ 14 დეკემბერს გავრცელებულ დამონტაჟებულ 10-წუთიან ვიდეოჩანაწერში.

CNN -ის ეთერში გასული ვიდეო 2022 წლის 4 და 6 ოქტომბრით თარიღდება. ტელეკომპანიას ვიდეოჩანაწერი მიხეილ სააკაშვილის ამერიკელმა ადვოკატმა, მასიმო დანჯელომ მიაწოდა.

ადვოკატმა ასევე ისაუბრა CNN -თან, რომ აუცილებელი და სასწრაფოა მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში გადაყვანა, რადგან სახეზეა ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანება.

რამდენიმე დღის წინ, 6 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.