ცნობიერების ამაღლების კუთხით სერიოზული სამუშაოა – კობახიძე ოპოზიციის ამომრჩეველზე

პუბლიკა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა და არჩევნების შედეგებზე ისაუბრა.

მისი თქმით, მოხარულები არიან, რომ არჩევნები საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ შეფასდა, როგორც კონკურენტული.

„მათ აღნიშნეს, რომ საარჩევნო პროცესში რეალიზებული იყო ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, რომელთა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოვლინება საარჩევნო უფლებაა.

ამგვარი შეფასებების ფონზე, ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებები, თვისებრად აცდენილია რეალობის ობიექტურ აღქმას. აშკარაა, რომ ძალაუფლების დაბრუნებისკენ ლტოლვა, რომლითაც ისინი თავის დროზე ბოროტად სარგებლობდნენ, არ აძლევს მათ ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანის ღირსეულად მიღების შესაძლებლობას.

სრულიად ლოგიკურია, რომ ქართველმა ამომრჩეველმა უარი უთხრა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც გამოირჩეოდა ზღვარგადასული თვითნებობით, კორუფციით, ადამიანების მკვლელობითა და წამებით, ბიზნესის რეკეტით, რომელმაც რუსეთის ფედერაციას დანაშაულებრივად ჩააბარა ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი და ჩაიდინა უამრავი სხვა დანაშაული ქვეყნისა და ხალხის წინაშე. ამგვარი პოლიტიკური ძალის მიერ რამდენიმე ასეული ათასი ხმის მიღება თავისთავად სერიოზული შეშფოთების საგანია და ცნობიერების ამაღლების კუთხით, სამომავლოდ, სერიოზულ მუშაობას მოითხოვს“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ისინი იწყებენ არჩევნების მეორე ტურისთვის მზადებას.

დღეს რვავე ოპოზციურმა პარტიამ პარლამენტში შესავლაზე უარი განაცხადა. ისინი არ ცნობენ არჩევნების შედეგებს და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღის წინასწარი შეფასება უკვე წარმოადგინეს ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა. ასევე გამოქვეყნდა საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადება.

მერიკის საელჩო იზიარებს ეუთო/ოდირის პირველად შეფასებას, რომ „საქართველოს საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა. ამის მიუხედავად, ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებდა”.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების დათვლა ცესკომ დაასრულა. დათვლილია უბნების 100%.

დღეს არსებული მონაცემების მიხედვით, პარლამენტში 9 საარჩევნო სუბიექტი ხვდება და პროპორციული სიით პარტიებს შორის მანდატები ასე ნაწილდება:

„ქართული ოცნება“ – 61 მანდატი;
„ნაციონალური მოძრაობა – „ძალა ერთობაშია” – 35 მანდატი;
„ევროპული საქართველო“ – 5 მანდატი;
„ლელო“ – 4 მანდატი;
„სტრატეგია აღმაშენებელი“ – 4 მანდატი;
„პატრიოტთა ალიანსი“ – 4 მანდატი;
„გირჩი“ – 4 მანდატი;
„ლეიბორისტები“ – 1;
„მოქალაქეები“  – 2.

რაც შეეხება 30 მაჟორიტარულ ოლქს. გამარჯვებული პირველი ტურში წინასწარი მონაცემებით 14 ოლქში გამოვლინდა. 16 ოლქში კი მეორე ტური გაიმარტება.