„ოცნების“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ცნობილი გახდა ენმ-ის ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის წევრების ვინაობა.
კომისიის შემადგენლობაში იქნებიან:
„ქართული ოცნება“ – თეა წულუკიანი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა ღუდუშაური, პაატა სალია;
„ხალხის ძალა“ – სოზარ სუბარი, გურამ მაჭარაშვილი;
„ევროპელი სოცილისტები” – ილია ინჯია.
რეგლამენტის მიხედვით, კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციათა წარმომადგენლობისა და საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა და საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად.
განისაზღვრა, რომ კომისიაში 5 წევრი ეყოლება „ოცნებას“, 2 წევრი – ფსევდოოპოზიციურ „ხალხის ძალას“; 1 წევრი – ფსევდოოპოზიციურ „ევროპელ სოციალისტებს“ და 2 წევრი უფრაქციო დეპუტატებს.
ასეთი ამ ეტაპზე პარლამენტში მხოლოდ გიორგი გახარიას პარტიაა, რომელსაც მანდატის შეწყვეტაზე არ მიუმართავს, თუმცა არც პარლამენტის ლეგიტიმაციას აღიარებს.
„ოცნების“ პარლამენტში შეიქმნა ენმ-ის ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია სახელწოდებით – „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია“.
დროებითი საგამოძიებო კომისია 3 თვის ვადით იქმნება, თუმცა შესაძლებელია მისი მუშაობის 6 თვემდე გახანგრძლივება.
„ოცნების“ განცხადებით, „კომისია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ზუსტი და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას, შეაფასებს 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობას, რათა მოხდეს ქვეყნის წინაშე არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა სახის საფრთხეების პრევენცია. შეიმუშავებს და მოამზადებს შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტებს, დასკვნებს, რეკომენდაციებსა თუ წარდგინებებს“.
რეგლამენტით, საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში სხდომაზე გამოცხადება სავალდებულოა.
„ოცნების“ განცხადებით, კომისიის დასკვნაში აისახება რეკომენდაციები კონსტიტუციით გათვალისწინებული პოლიტიკური და სამართლებრივი რეაგირების ზომების შესახებ. ეს დასკვნა გადაეცემა პროკურატურას და სხვა შესაბამის ორგანოებს.