დღეს, 10 აპრილს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ჰომოფობიური საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობა დასახელდა.
კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის ცნობით, კომისიის შემადგენლობაში შევლენ:
შესწორება: სიაში იყო ალეკო ელისაშვილიც, თუმცა ის დაუკავშირდა „პუბლიკას“ და განუცხადა, რომ მას კომისიის წევრობაზე თანხმობა არ განუცხადებია.
- შალვა პაპუაშვილი – პარლამენტის თავმჯდომარე
- მამუკა მდინარაძე – ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე
- რატი იონათამიშვილი – ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე
- გივი მიქანაძე – განათლების კომიტეტის თავმჯდომარე
- მაკა ბოჭორიშვილი – ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე
- ანრი ოხანაშვილი – იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე
- დავით მათიკაშვილი – იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
- სალომე ქურასბედიანი – გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
- თენგიზ შარმანაშვილი – თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
- სოზარ სუბარი – „ხალხის ძალის“ ლიდერი
- ფრიდონ ინჯია – „ევროპელი სოციალისტები“
- შალვა კერესელიძე – „საქართველოსთვის“
- კომისიის მდივანი – ნინო შავგულიძე
კომისიის შემადგენლობას პარლამენტი დაამტკიცებს.
4 აპრილს შალვა პაპუაშვილმა კომისიაში ოპოზიცია მიიწვია და განმარტა, რომ რეგლამენტით, კომისიის ნახევარს საპარლამენტო უმრავლესობა უნდა წარმოადგენდეს, ნახევარს – კი ოპოზიცია, თუმცა თუ ოპოზიციას საკმარისი წარმომადგენლები არ ეყოლება, შესაძლებელია, ეს ბალანსი არ იყოს დაცული.
რეგლამენტის მიხედვით, საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვის დაწყებიდან ერთი თვის განმავლობაში განიხილავს ამ პროექტთან დაკავშირებულ მასალებს და განხილვის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ ადგენს შემაჯამებელ ოქმს. კომისია საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვის მიზნით, მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირებისა და ჩართულობის პრინციპის გათვალისწინებით, მართავს შეხვედრებს საქართველოს სხვადასხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში.
კომიტეტმა ასევე დაადასტურა უმრავლესობის დეპუტატების ხელმოწერების ნამდვილობა.
ჰომოფობიური კანონპროექტი საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ და მასთან ერთად კონსტიტუციური კანონის პროექტი „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ პარლამენტში 3 აპრილს დარეგისტრირდა.