ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის თანამომხსენებლებმა, ბერნდ ფორინგერმა (გერმანია, EPP/CCE) და სტიუარტ დიკსონმა (დიდი ბრიტანეთი, ILDG) საქართველოში ადგილობრივი დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ განცხადება გაავრცელეს.
ისინი წუხილს გამოთქვამენ იმის გამო, რომ ათწლეულების განმავლობაში პირველად კონგრესი მიწვეული საქართველოში 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად არ მიიწვიეს.
გარდა ამისა, მომხსენებლები წერენ:
„ძალიან ვწუხვართ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უგულებელყო კონგრესის არაერთი მოწოდება იმასთან დაკავშირებით, რომ დაბრუნებოდნენ დემოკრატიული არჩევნების სტანდარტს და არ შეასრულეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, რომლებიც ადგილობრივი არჩევნებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის საკანონმდებლო ჩარჩოს ეხებოდა და რომლებიც აუცილებელი იყო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად.
როგორც თავად არჩეულმა წარმომადგენლებმა, ჩვენ ვიცით, რომ ასეთი პირობების გარანტირება შესაძლებელია მხოლოდ გამოხატვის თავისუფლებისა და გაერთიანების თავისუფლების უფლების სრული პატივისცემით და ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოებით, რისკენაც მოწოდებებსაც ადამიანის უფლებათა კომისარი და საპარლამენტო ასამბლეა აკეთებდნენ.
შესაბამისად, ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ჩაერთოს გულწრფელ და კონსტრუქციულ პოლიტიკურ დიალოგში ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა აღდგეს ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ და გაძლიერდეს მმართველობა ყველა დონეზე.
კონგრესი კვლავ მზადაა, ნებისმიერი შესაძლო გზით დაუჭიროს მხარი საქართველოს ევროპის საბჭოს წევრის სტატუსით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაში, რაც ადგილობრივ დონეზე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვას გულისხმობს“.