„არ ვიცი, დავიჯერო თუ არა ეს საშინელი ამბავი”, – რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ცოლმა, იულია ნავალნაიამ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მეუღლის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით მხოლოდ რუსული ოფიციალური წყაროებისგან აქვს, რასაც ვერ ენდობა.
მისივე თქმით, თუ ქმრის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, პუტინმა და მისმა მოკავშირეებმა უნდა აიღონ პირადი პასუხისმგებლობა მასზე და ყველაფერზე, რასაც ისინი სჩადიან.
„ვფიქრობდი, აქ გამოვსულიყავი თუ შვილებთან გავფრენილიყავი, მაგრამ შემდეგ თავს ვკითხე, რას იზამდა ალექსეი ნავალნი ჩემს ადგილზე? და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ამ სცენაზე იქნებოდა.
არ ვიცი, დავუჯეროთ თუ არა იმ საშინელი სიახლეებს, რომლებსაც მხოლოდ რუსეთის სამთავრობო წყაროებისგან ვიღებთ, რადგან მრავალი წლის განმავლობაში, კარგად მოგეხსენებათ, შეუძლებელია ვენდოთ პუტინს, პუტინის ხელისუფლებას, ისინი მუდამ იტყუებიან. მაგრამ თუ ეს სიმართლეა, მსურს პუტინმა, მისმა გარემოცვამ, პუტინის მეგობრებმა, მისმა ხელისუფლებამ იცოდეს, რომ ისინი პასუხს აგებენ იმისთვის, რაც გაუკეთეს ჩვენს ქვეყანას, ჩემს ოჯახსა და ჩემს ქმარს. და ეს დღე ძალიან მალე დადგება.
მე მინდა მოვუწოდო საერთაშორისო საზოგადოებას – ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და გავიმარჯვოთ ბოროტებაზე, ამ საშინელ რეჟიმზე, რომელიც ახლაა რუსეთში. ამ რეჟიმმა და ვლადიმერ პუტინმა პერსონალურად პასუხი უნდა აგონ დანაშაულებზე, რომლებსაც სჩადიან ჩვენს ქვეყანაში, რუსეთში, ბოლო წლების განმავლობაში”, – განაცხადა ნავალნის ცოლმა.
ალექსეი ნავალნი დღეს ციხეში დაიღუპა. რუსეთის სასჯელაღსრულების უწყების განცხადებით, ნავალნი „გასეირნების შემდეგ ცუდად გახდა და ფაქტობრივად მაშინვე დაკარგა გონება”. ის 47 წლის იყო.
„განხორციელდა ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება, მაგრამ ამან დადებითი შედეგი არ გამოიღო. სასწრაფო დახმარების ექიმებმა დაადასტურეს მსჯავრდებულის გარდაცვალება. გარდაცვალების მიზეზები დგინდება”. – აცხადებს უწყება.