აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ცოლი, სევინჩ სადიგოვა წერს, რომ სადიგოვი აზერბაიჯანში პოლიციამ დააკავა და გაურკეველი მიმართულებით წაიყვანა.
მისი ადგილსამყოფელი ახლა უცნობია.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე წერს, რომ ბაქოში ადგილობრივ ადვოკატებთან ხაზზე არიან და როგორც კი დეტალები ეცოდინებათ, ინფორმაციას აუცილებლად გაავრცელებენ. აფგან სადიგოვის უფლებებს საქართველოში სწორედ „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ იცავდა.
1 აპრილს აზერბაიჯანმა აფგან სადიგოვის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეაჩერა და ამის შესახებ საქართველოს აცნობა.
3 აპრილს ქართულმა სასამართლომ გააუქმა მის მიმართ გირაო და გადაადგილების შეზღუდვა.
კვირას, 4 აპრილს, დილის 4 საათზე, მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა საგანგებოდ ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი „სოციალურ ქსელში პოლიციელის შეურაცხყოფის საქმეზე“ სამართალდამრღვევად ცნო და მისი აზერბაიჯანში გაძევების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მას საქართველოში 3 წლით შემოსვლა აუკრძალა და 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
დამოუკიდებელმააზერბაიჯანული ონლაინ-გამოცემა 5 აპრილს Qazetci.org-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის ბაქოში იყო. გამოცემა ადვოკატ ნემატ ქარიმლის მიერ რეპორტიორისთვის მიწოდებული ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ მიგრაციის სამსახურში გასაუბრების შემდეგ აფგან სადიგოვი გაათავისუფლეს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აფგან სადიგოვმა ჟურნალისტთან განცხადებაში აღნიშნა, რომ ის აზერბაიჯანს „წითელი ხიდის“ გამშვებ პუნქტზე გადასცეს.
ერთი დღის განმავლობაში ის ბაქოში, სახლში იმყოფებოდა.