ცომაიას ბრალი საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებისთვისაც წარედგინა

პუბლიკა

მესამე პრეზიდენტისთვის მიხეილ სააკაშვილისთვის ბინის გადაცემის ეპიზოდზე ბრალდებულ ელგუჯა ცომაიას, პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა.

უწყების ცნობით, ცომაიას ბრალი საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებისთვისაც წარედგინა.  რაც შეეხება გიორგი ნარიმანიძეს, რომელიც სამართალდამცველებმა 19 ოქტომბერს დააკავეს, ბრალდება მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის წარედგინა.

მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის ბრალდებულია კიდევ ორი პირი – შალვა და ზურაბ წოწორია.

მიხეილ სააკაშვილი პოლიციამ 1 ოქტომბერს დააკავა. პროკურატურის ვერსიით, 28 სექტემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, უკრაინიდან, კერძოდ, ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში შემოვიდა გემი, სახელწოდებით „ვილნიუსი“, სადაც რძის პროდუქტებით დატვირთული ელგუჯა ცომაიას ტრაილერიც იყო. პროკურატურის თქმით, სააკაშვილი ტრაილერის მისაბმელში იმყოფებოდა და პორტის ტერიტორიაზე გადმოსვლის შემდეგ მისაბმელიდან კაბინაში გადაჯდა. მოგვიანებით კი ის წოწორიების კუთვნილ „მერსედესის“ მარკის ავტომანქანაში ჩაჯდა, მათ შემდგომ შეუერთდა ელგუჯა ცომაია და გაემგზავრნენ აბაშის მიმართულებით.