კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“, „ტელეკომპანია პირველი“ და „ფორმულა“ სამართალდამრღვევად სცნო და მათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა.
მიზეზი ამ ტელეარხების გადაწყვეტილებაა, ეთერში არ გაუშვას „ქართული ოცნების” საარჩევნო კლიპი, რომელშიც შედარებულია რუსეთის მიერ დაბომბილი უკრაინა და საქართველო. უკრაინის ფოტოები შავ-თეთრია, საქართველოსი – ფერადი. ხელისუფლების სლოგანია „არა ომს – აირჩიე მშვიდობა”.
კომუნიკაციების კომისია აცხადებს, რომ ტელეარხებმა საარჩევნო კოდექსი დაარღვიეს.
„მთავარმა არხმა“, „ტელეკომპანია პირველმა“ და „ფორმულამ“ კლიპის გაშვებაზე უარის მიზეზად მიზეზად დაასახელეს ის, რომ რგოლი არაეთიკურია, შეიცავს ომის პროპაგანდას, ეროვნული შუღლის გაღვივებისკენ მოწოდებას და ამომრჩევლის ომით დაშინებას.
მარეგულირებელი უწყების განცხადებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, აკრძალულია ისეთი პოლიტიკური რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს ომის და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას.
„რაც შეეხება რეკლამის არაეთიკურობას, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, აღნიშნული არ წარმოადგენს მაუწყებლის შეფასების საგანს, შესაბამისად, ამ მოტივით პოლიტიკური რეკლამის მაუწყებლის მიერ განუთავსებლობა კანონის დარღვევას წარმოადგენს.
„საქართველოს კანონმდებლობიდან და სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიამ მიიჩნია, რომ ვიდეორგოლი არ შეიცავს არც ომის პროპაგანდას და არც ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ მოწოდებას, რაზეც მაუწყებლები ამახვილებდნენ ყურადღებას, შესაბამისად, აღნიშნული სარეკლამო რგოლი არ არღვევს „საქართველოს საარჩევნო კოდექსს“ და მაუწყებლები ვალდებულნი იყვნენ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო ვიდეორგოლი ეთერში განეთავსებინათ.
აქედან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიამ დააკმაყოფილა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საჩივარი, ხოლო „მთავარ არხს“, „ტელეკომპანია პირველს“ და „ფორმულას“ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა”. – განაცხადა კომუნიკაციების კომისიამ.
„მთავარი არხის”, „ფორმულას” და „ტვ პირველის” გადაწყვეტილებას, არ გაუშვას ეთერში „ოცნების” კონკრეტული ვიდეო, მხარი დაუჭირა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ, რომელიც წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაციაა და 300-ზე მეტ ჟურნალისტს აერთიანებს.
ასევე, „მედიაკოალიციამ”, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” და „საქართველოს ევროპულმა ორბიტამ”.