ComCom: „იმედს" და „რ2"-ს „ძლიერი საქართველოს" კლიპის ეთერში არგაშვებისთვის ოქმი შევუდგინეთ 

პუბლიკა

კომუნიკაციების კომისია აცხადებს, რომ კოალიცია „ძლიერი საქართველოსთვის” საჩივარი დააკმაყოფილა და „იმედს” და „რუსთავი 2″-ს სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისთვის.

კომუნიკაციების კომისიაში „ძლიერი საქართველოს“ მიერ შეტანილი საჩივრის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ კოალიციას ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსების თაობაზე ორივე ტელევიზიასთან ჰქონდა გაფორმებული ხელშეკრულება, ასევე, ComCom-მა ამის გამო ორივე არხი უკვე ცნო დამრღვევად, ისინი კვლავ არ ათავსებდნენ „ძლიერი საქართველოს” მიერ მიწოდებულ რეკლამას.

კომუნიკაციების კომისია მიუთითებს, რომ საქართველოს „საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია ცესკოს და კომუნიკაციების კომისიას, კენჭყისყრამდე არაუგვიანეს მე-60 დღიდან, 5 კალენდარული დღის ვადაში, გადასცეს ინფორმაცია ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად საეთერო დროის ტარიფების შესახებ.

ტარიფები ძალაში შედის 50-ე დღიდან.

მაუწყებელი, რომელიც აქვეყნებს ტარიფს, ვალდებულია განათავსოს მისთვის წარდგენილი ფასიანი რეკლამა, ხოლო არგანთავსების შემთხვევაში, ის დაარღვევს კანონს.

ამასთან, კომუნიკაციების კომისიის მიერ შემუშავებული გზამკვლევის თანახმად, მაუწყებელმა უნდა დაიცვას დისკრიმინაციის აკრძალვის მოთხოვნა და თანასწორად უზრუნველყოს ყველა მსურველი საარჩევნო სუბიექტის მიერ სათანადოდ წარდგენილი ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსება.

კომუნიკაციების კომისიის განცხადებით, შესწავლილი გარემოებებიდან გამომდინარე მიიჩნიეს, რომ „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ მიერ დარღვეულია საქართველოს „საარჩევნო კოდექსი“, შესაბამისად, აღნიშნული ტელევიზიები სამართალდამრღვევებად ცნო და მათ სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა.